სამართალი
ივანიშვილი: „საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეულ შედეგებს ვაღიარებთ“

1-aRiarebs-sammarTaa1თბილისი, 18 სექტემბერი, საქინფორმი. ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი კოალიცია აღიარებს არჩევნების შედეგებს, თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები მას ლეგიტიმურად მიიჩნევენ.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქცენტებში“ საუბრისას ივანიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ ყველაზე მეტად პრეზიდენტი სააკაშვილია დაინტერესებული არჩევნების შემდგომ არეულობებში.

კითხვაზე – აღიარებს თუ არა ის არჩევნების შედეგებს, თუ ამ შედეგებს ლეგიტიმურად ჩათვლიან ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ივანიშვილმა უპასუხა: „დიახ, რა თქმა უნდა!“.

„მაგრამ აქვე გავაკეთებ განმარტებებს, რომ ჩვენს მაყურებელს არ გაუჩნდეს რაიმე ნიჰილიზმი. ჩვენ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად მათთან (საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, –საქინფორმი); საერთო ხედვები გაგვაჩნია ყველაფერში  და ნურავის ნუ აქვს იმის ილუზია საქართველოში, რომ მოხდება კიდევ ერთჯერ რაღაც მსგავსი იმის, რაც მომხდარა ადრე საქართელოში და (საერთაშორისო დამკვირვებლები, – საქინფორმი) გაყალბებულ არჩევნებს გააფორმებენ; არავინ არ გააფორმებს გაყალბებულ არჩევნებს და ამის ილუზია ნუ აქვს ნურავის და, პირველ რიგში, სააკაშვილს; არ მოაწერენ ხელს გაყალბებულ არჩევნებს და ჩვენ მაქსიმალურად დავიცავთ ხმებს“, – განაცხადა მან.

კითხვაზე – ფიქრობს თუ არა ის, რომ რუსეთი დაინტერესებულია საქართველოში არჩევნებისშემდგომ არეულობებში, ივანიშვილმა უპასუხა, რომ მხოლოდ სააკაშვილია დაინტერესებული არჩევნების შემდგომ არეულობებში, ვინაიდან მან იცის, რომ ის წააგებს არჩევნებს.

ივლისის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, „ქართულ ოცნებასა“ და მმართველ პარტიას შორის წინასაარჩევნო პერიოდში ქცევის წესებთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს; კერძოდ, უთანხმოების მთავარი წყარო პარტიების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების თემას უკავშირდება.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ივლისში მოუწოდა ივანიშვილს და მის კოალიციას, რომ ხელი მოეწერა დეკლარაციისთვის, რომელიც სხვა დებულებებთან ერთად  შეიცავდა პუნქტს არჩევნების შედეგების აღიარების თაობაზე, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია შეაჯამებდა და ლეგიტიმურად აღიარებდნენ სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციები – ამგვარი ფორმულირება მიუღებელი იყო „ქართული ოცნებისთვის“.

ამის შემდეგ კამპანია „ეს შენ გეხება“ 17-პუნქტიანი დეკლარაციის ხელმოწერის ინიციატივით გამოვიდა, რომელზეც თანხმობა განაცხადა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმ პირობით, თუ ეს 17 პუნქტი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილ ოთხპუნქტიან ქცევის იმ კოდექსს დაემატებოდა, რომელიც შეიცავდა ვალდებულებას არჩევნების შედეგების აღიარების თაობაზე.

17 აგვისტოს „ეს შენ გეხებამ“ მოდიფიცირებული პროექტი წარმოადგინა, რომელშიც ის შეეცადა, არჩევნების შედეგების აღიარებასთან დაკავშირებით ორივე პარტიის ინტერესები გაეთვალისწინებინა; დოკუმენტი სთავაზობდა პარტიებს, აეღოთ არჩევნების შედეგების აღიარების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები დეკლარაციის ყველა დანარჩენი პუნქტის დაცვით ჩატარდებოდა, ასევე, თუ არჩევნების შედეგები სამართლებრივი პროცედურების დაცვით შეჯამდებოდა და სანდო საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ჩაითვლებოდა „ლეგიტიმურად“.

„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა 20 აგვისტოს, რომ ის მზად იყო, ხელი მოეწერა პროექტისთვის, თუმცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი განაცხადა და სანაცვლოდ მოითხოვა, რომ დეკლარაციაში ის ფორმულირება შეეტანათ, რომელიც თბილისში აკრედიტებული დიპლომატების 17 აგვისტოს განცხადებაში  იყო გამოყენებული.

ელჩების სამუშაო ჯგუფმა განცხადებაში მოუწოდა ყველა პარტიას, პატივი სცენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ოფიციალურად დადგენილ არჩევნების შედეგებს და იმ პროცესს, რომელიც „OSCE/ODIHR“-ის შეფასებით, შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ნორმებს.

ჯერჯერობით, არ არსებობს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“  მიერ ხელმოწერილი რაიმე ერთიანი დოკუმენტი.

ეს საკითხი ხელახლა წამოიჭრა გასულ კვირას, როდესაც რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიურომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ივანიშვილმა გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან ბრიუსელში შეხვედრა მოითხოვა, თუმცა ევროკომისარი იმ პირობით დათანხმდებოდა შეხვედრას, თუ ივანიშვილის კოალიცია ქცევის კოდექსს შეუერთებოდა და ამით ვალდებულებას აიღებდა, რომ  „OSCE/ODIHR“-ის მიერ შეფასებულ არჩევნების შედეგებს აღიარებდა, როგორც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისს.

16 სექტემბერს „აქცენტებში“ ამ საკითხზე საუბრისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ  სურვილის შემთხვევაში ის ფულეს შეხვდებოდა, რადგან ამის პრობლემა არ არსებობს. იქვე მან დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკომისარი შეცდომაში შეიყვანა, ვინაიდან მისი კოალიცია უკვე შეერთებულია „ეს შენ გეხებას“ დეკლარაციასთან.

საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR) ყველაზე მეტი დამკვირვებელი ეყოლება 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

მისი გრძელვადიანი დამკვირვებლები უკვე საქართველოში იმყოფებიან და 22 აგვისტოდან წინასაარჩევნო ვითარებაზე მონიტორინგს ახორციელებენ.

მისიას, რომელიც აფასებს – შეესაბამება თუ არა არჩევნები ეუთოს წევრი სახელმწიფოების მიერ შეთანხმებულ ვალდებულებებს, ასევე, ეროვნულ კანონმდებლობას, ხელმძღვანელობს ბულგარელი ნიკოლაი ვულჩანოვი, რომელიც უძღვებოდა „OSCE/ODIHR“-ის სადამკვირვებლო მისიებსაც საქართველოს 1999 წლის საპარლამენტო და 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, 22 აგვისტოს ვულჩანოვმა განაცხადა, რომ მისიის გადასაწყვეტი არ არის, განსაზღვროს, არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარდა თუ არა.

„აქ იმისთვის ვართ, რომ ჩვენი დამკვირვებლების მიერ მოგროვილ ფაქტებზე დაყრდნობით დავადგინოთ, შეესაბამებოდა თუ არა არჩევნები კანონმდებლობას და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს; ამაზე შორს ჩვენ არ წავალთ“, – განაცხადა მან მისიის დაწყებისას.

ვულჩანოვმა, ასევე, განაცხადა, რომ „ODIHR“-ის პოლიტიკა არ არის, არჩევნები შეაფასოს – არის თუ არა ის თავისუფალი და სამართლიანი, რადგან ასეთი ფორმულირება არ არის საკმარისი არჩევნების ჯეროვნად შესაფასებლად.