სამართალი
ნინოწმინდაში „ქართული ოცნება“ ოფისს ვერ ქირაობს

1-ninowminda-sammartaa3თბილისი, 18 სექტემბერი, საქინფორმი. ნინოწმინდაში კოალიცია „ქართულ ოცნებას“ რაიონული ოფისი ამ დრომდე არ აქვს. როგორც ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ნინოწმინდაში რამდენიმე პირი კოალიციას ოფისის მიქირავებაზე დათანხმდა, თუმცა ხელისუფლების ზეწოლის გამო ისინი იძულებული გახდნენ, გადაწყვეტილება შეეცვალათ.

ფანჯიკიძის თქმით, უწყებათაშორისმა კომისიამ კოალიციას ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი რამდენიმე შენობა შესთავაზა, თუმცა იქ შესვლა შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან შენობები დანგრეულია, იატაკი აყრილია, კარ-ფანჯარა დამსხვრეულია, არ არის დენი, გაზი და სხვა კომუნიკაციები და ერთი შენობა, საერთოდ, ქალაქგარეთ მდებარეობს.

გარდა ამისა, ფანჯიკიძის მტკიცებით, წინადღით საარჩევნო კომისიის ხუთი წევრი, რომლებიც კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან, ნინოწმინდაში გამოასახლეს იმ სახლიდან, რომელიც მათ დაქირავებული ჰქონდათ.

„ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ სახლის მფლობელს დაემუქრნენ, რომ მის შვილიშვილს, რომელიც საბაჟოზე მუშაობს, სამსახურიდან გააგდებდნენ, ხოლო შვილს სავაჭრო ობიექტს დაუხურავდნენ და დააჯარიმებდნენ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ვაცნობეთ, ხელისუფლება იძულებული გახდა, ხუთივე წევრი მათ მიერ დაქირავებულ ბინაში დაებრუნებინა“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ასეთ პირობებში სამართლიან და თანასწორ საარჩევნო პირობებზე საუბარი შეუძლებელია.