თბილისი, 18 სექტემბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, გორის რაიონის სოფელ დიცში ბადრი ბასიშვილის „ზონდერები“ თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წევრს, 18 წლის ერასტი არჩვაძეს.
„ის იდგა სოფლის ცენტრში, „ქართული ოცნების“ ოფისის წინ და ეცვა „ქართული ოცნების“ მაისური. ამ დროს ჩამოიარეს ბადრი ბასიშვილის „ზონდერებმა“ და მოსთხოვეს, გაეხადა მაისური და ფეხებით შემდგარიყო ზედ, რაც ერასტი არჩვაძემ არ გააკეთა. მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ერთ-ერთი „ზონდერთაგანი“ იყო გოგიტა გოჩაშვილი, რომელიც კარალეთის ცნობილ დარბევაშიც მონაწილეობდა და დღემდე დაუსჯელი დადის.ერასტი არჩვაძეს მიეშველნენ იქვე მცხოვრები ზაქრო ვატიტაძე და მისი სტუმრები ხვიჩა და გოჩა საძაგლიშვილები. საბოლოოდ „ზონდერებმა“ სასტიკად სცემეს სამივეს და ფიზიკურად შეეხნენ ხვიჩა საძაგლიშვილის მეუღლეს“, – ამბობს ფანჯიკიძე.
მისივე თქმით, პოლიციამ დააკავა ერასტი არჩვაძე და ზაქრო ვატიტაძე, თუმცა კოალიციის ჩარევის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს.
„ის ფაქტი, რომ დააკავეს არა „ზონდერები“, არამედ დაზარალებულები, ხოლო თავდამსხმელები კვლავ დაუსჯელები დადიან, ნათლად მეტყველებს, რომ ხელისუფლებას საარჩევნოდ ხალხთან სასაუბროდ ერთადერთი არგუმენტი – ძალადობა, შერჩა“, – აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
როგორც „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი ამბობს, კოალიციამ ამ ფაქტის შესახებ უწყებათაშორის კომისიას მიმართა.