აქტუალური
„ბატონო სანდრო, გეშინოდეთ ჩვენი, გეშინოდეთ სტუდენტების!..“

1-tsu-aqttuua1თბილისი, 18 სექტემბერი, საქინფორმი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების მოთხოვნას უპასუხა და განმარტა, რომ უნივერსიტეტში ბაზების მოუწესრიგებლობის პრობლემა მართლაც არსებობს და მისი ასე სწრაფად გამოსწორება შეუძლებლია. თუმცა რეგენტთა საბჭოს გაუქმებას, კვიტაშვილის თქმით, უნივერსიტეტი ვერ მოახერხებს, რადგან ეს არ არის უნივერსიტეტის პრეროგატივა.

ამისათვის საჭიროა კანონში მოხდეს ცვლილებები. რეგენტთა საბჭოსთან უნივერსიტეტს აქვს ურთიერთობა წლის დასაწყისში, როცა ხდება ბიუჯეტის დამტკიცება. რაც შეეხება პოლიტიკური ნიშნით ლექტორების უნივერსიტეტიდან გათავისუფლების შესახებ სტუდენტთა ბრალდებას, კვიტაშვილმა ის უარყო და განაცხადა, უნივერსიტეტის ყველა კონკურსს აქვს თავისი მოთხოვნა, რაც გულისხმობს ერთ-ერთ ე.წ. სილაბუსების წარდგენას, რაც რამდენიმე ლექტორმა ვერ მოახერხა. ერთ-ერთი ასეთი იყო სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორი ლელა გაფრინდაშვილი, რომელსაც, ასევე, კონტრაქტის ვადა გაუვიდა.

„ვერ ვხვდები, თუ როგორ შეიძლება პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლო ადამიანი სამსახურიდან მაშინ, როდესაც მათ არავინ ეკითხება, რომელ პოლიტიკურ ძალას მიეკუთვნებიან. სტუდენტების ასეთი პროტესტის ფორმას, რომ აიღონ უნივერსიტეტი, ვერ ვხვდები. რაც შეეხება სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკან ანდრო ბარნოვის გათავისუფლებას, ამ დროისთვის იგი მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელია“, – განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა ნაწილი თსუ- პირველი კორპუსში საპროტესტო აქციას დილიდან მართავდა.

აქციის ორგანიზატორია დამოუკიდებელ სტუდენტთა მოძრაობა „ლაბორატორია 1918“. „ბატონო სანდრო, გეშინოდეთ ჩვენი, გეშინოდეთ ჩვენი, გეშინოდეთ სტუდენტების!..“, – ისმოდა აქციაზე.

საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტების მოთხოვნებია: დაიშალოს რეგენტთა საბჭო, უნივერსიტეტში დაბრუნდნენ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ლექტორები, მოგვარდეს საგნების ასარჩევი ბაზა, თანამდებობიდან გადადგეს ანდრო ბარნოვი, რომელიც პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორია და ამჟამად თსუ-ს სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი.