თბილისი, 18 სექტემბერი, საქინფორმი. სს „ბანკი ქართუ“ ეროვნული ბანკის წერილსა და თავის ქსელში ჩართულ ბანკომატებში უცხოური და ადგილობრივი ბარათების განაღდების შესაძლებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„2012 წლის 29 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებს გაეგზავნა წერილი ა.წ. 15 სექტემბრიდან ბანკების ბანკომატებში უცხოური და ადგილობრივი საგადახდო ბარათებით ოპერაციების განხორციელებისას ბარათის მფლობელის სახელისა და გვარის წაკითხვისა და შენახვის უზრუნველყოფის შესახებ.„ბანკი ქართუს“ საპროცესინგო ცენტრის საბარათო ბიზნესის მუშაობა დაფუძნებულია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანია „ACI Worldwide LTD“-ის პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომლის მოქმედი ვერსია არ ითვალისწინებს საპროცესინგო ცენტრის ქსელში ჩართულ ბანკომატებსა და ტერმინალებში გამოყენებული უცხოური ბარათების საიდენტიფიკაციო მონაცემების (კლიენტის სახელის და გვარის) რეგისტრაციას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბანკის მიერ გამოყენებული ბარათების პროცესინგის პლატფორმა – BASE 24 – არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე, მაღალდაცული და მსოფლიოში აპრობირებული სისტემა, რომელიც შექმნილია საერთაშორისო საგადახდო სისტემების სტანდარტების შესაბამისად და რისკმენეჯმენტის ყველა მოთხოვნის სრული დაცვით. „ბანკი ქართუს“ საპროცესინგო ცენტრი ერთადერთია საქართველოში, რომელიც ინტერნეტული ტრანზაქციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით თავის მომხმარებელს სთავაზობს ერთჯერადი, დინამიური პაროლის გამოყენებას.
ბუნებრივია, რომ იგი არ ითვალისწინებს ნაკლებადმნიშვნელოვანი, პროცესინგისთვის მეორეხარისხოვანი ინფორმაციის წაკითხვასა და მით უფრო – შენახვას.
ამდენად, ეროვნული ბანკის მოთხოვნებისა და ინსტრუქციების შეუსრულებლობით განპირობებული ნებისმიერი სანქციების თავიდან აცილების მიზნით, სს „ბანკი ქართუ“ იძულებული გახდა, ა.წ. 15 სექტემბრიდან გაეთიშა ბანკის ქსელში ჩართულ ბანკომატებში უცხოური და ადგილობრივი ბარათების განაღდების შესაძლებლობა (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება „ბანკი ქართუს“ მიერ გამოშვებულ პლასტიკურ ბარათებზე).
ბანკი ბოდიშს უხდის საერთაშორისო „ვიზა“ და „მასტერქარდ“ ბარათების მფლობელებს დროებითი შეფერხებისა და შექმნილი დისკომფორტისთვის“.