საზოგადოება
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქცია ლონდონში

1-london-saazoga2თბილისი, 18 სექტემბერი, საქინფორმი. ლონდონში პარლამენტის შენობასთან კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ემიგრანტთა აქცია გაიმართა.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ემიგრანტები საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებსაც კოალიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ქვეყანაში სამართლიანობის დაბრუნება და რეკეტიორი სახელმწიფო მანქანისგან ბიზნესის გათავისუფლება. ემიგრანტების აზრით, სწორედ კოალიცია შექმნის კონკურენტულ გარემოს, გაათავისუფლებს მედიას და ქვეყანას დააყენებს არა ფსევდოევროპულ, არამედ რეალური ევროპული განვითარების გზაზე.

ლონდონში მცხოვრები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლება უკვე 9 წელია, ცდილობს სიტყვისა და აზროვნების თავისუფლების შეზღუდვას. „ჩვენ წაგვართვეს ხმა, შეგვილახეს უფლებები და, რაც მთავარია, შელახეს ჩვენი ღირსება. გვჯერა, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება ამ პროცესს დაამთავრებს!“ – აღნიშნავენ ემიგრანტები.

„არჩევნებამდე ორი კვირაა დარჩენილი. არჩევანის გაკეთება ჩვენს ხელთაა. ჩვენს ხელთაა, ასევე, ჩვენი ხმების დაცვის უფლება! ხელისუფლება სხვადასხვა მაქინაციით, მათ შორის, არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნით თუ ემიგრანტებისთვის დამატებითი სარეგისტრაციო მოთხოვნების დაკანონებით ძალიან ეცადა არჩევნებში მონაწილეობაში ჩვენს ხელშეშლას, მაგრამ მოგიწოდებთ, გამოვნახოთ ყველა რესურსი, მივიღოთ მონაწილობა ამ ისტორიულ პროცესში და მხარი დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის მომავალს! – ჩვენ ეს შეგვიძლია!“, – წერენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ემიგრანტები.

ლონდონში გამართულ აქციას კოალიციის წევრები –მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, რეჟისორი ქეთი დოლიძე და „მომავლის პარტიის“ ლიდერი გია მაისაშვილი – შეუერთდნენ.