პოლიტიკა
ამერიკული ლობისტური ფირმის 320 000 $-იანი მომსახურება საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის

1-lobi-ppolitika3თბილისი, 18 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის აპარატმა 320 000 აშშ დოლარად 16 თვით საზოგადოებასა და მთავრობასთან ურთიერთობის ახლად შექმნილი ამერიკული ფირმა დაიქირავა, რომლის მიზანიც აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საზოგადოებისთვის საქართველოს მთავრობის პოლიტიკისა და პროგრამების ახსნა  და გაცნობა იქნება.

„Fianna Strategies“-ის ერთადერთი დამფუძნებელია მოლი მაკიუ, რომელიც ვაშინგტონში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ლობისტურ ფირმა  „Podesta Group“-ში მუშაობდა. „Podesta“ 2010 წლიდან საქართველოს უშიშროების საბჭოს კონტრაქტორი ფირმაა. „Podesta“-ში ყოფნისას მოლი მაკიუს ერთ-ერთ მოვალეობა საქართველოსთან დაკავშირებული საქმეების წარმოება იყო.

„Fianna Strategies“-ის მიერ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისთვის წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციისთვის გასაწევი მომსახურების მიზანი იქნება „საქართველოს მთავრობის საშინაო და საგარეო პოლიტიკისადმი აშშ-ში მხარდაჭერის განვითარება“.

ხელშეკრულების თანახმად, რომელიც 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2013 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს, კონსულტანტი პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას დაეხმარება, მიაწოდოს მისი პროგრამების და მიზნების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის შესაბამის აუდიტორიას, მათ შორის, აღმასრულებელ ხელისუფლებას, აშშ-ის კონგრესს, არასამთავრობო და კველევით ორგანიზაციებს, მედიასაშუალებებს.

მომსახურებაში შედის საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის რჩევის მიცემაც საჯარო გამოსვლებისა და განცხადებების მომზადებისას.

გარდა კონტრაქტის ძირითადი ღირებულებისა, რომელიც 320 000 აშშ დოლარს შეადგენს, კონსულტანტი დამატებით ყოველთვიურად მიიღებს 1 500 აშშ დოლარსაც „გონივრული ხარჯების“ დასაფარავად, რაშიც არ შედის საერთაშორისო და ადგილობრივი მგზავრობის ხარჯები.

ამას გარდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 50 000 აშშ დოლარის კონტრაქტს მოაწერა ხელი საზოგადოებასთან ურთიერთობის ამერიკულ კომპანია „HDMK“- თან.

კონტრაქტის მიზანია „აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებისა და აშშ-ის მედიასაშუალებებისთვის ინფორმაციის მიწოდება თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ, რადგანაც ისინი უკავშირდება აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს პირდაპირ ურთიერთქმედებას სამინისტროს ოფიციალურ პირებსა და აშშ-ის შესაბამის სტრუქტურებს, საკანონმდებლო ორგანოსა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შორის“, – ნათქვამია „HDMK“-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისთვის წარდგენილ დოკუმენტებში.

2011 წლის ბოლოსა და ამ წლის დასაწყისში „HDMK“-მ მომსახურება გაუწია საქართველოს განათლების სამინისტროსაც, როდესაც მას დიმიტრი შაშკინი ხელმძღვანელობდა.