თბილისი, 18 სექტემბერი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე დღეს კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო სიების პირველ ნომრებს შორის დებატები გაიმართება. პროექტ „დებატები-2012“-ის მეორე გადაცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დღეს 20:00 საათზე დაიწყება.
დებატებში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული არიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – დავით ბაქრაძე, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან“ – გიორგი თარგამაძე, კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ – კახი კალაძე და „საქართველოს ლეიბორისტული პარტიიდან“ – შალვა ნათელაშვილი.ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დებატებში ყველა მოწვეული სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ პროექტი „დებატები-2012“ 9 სექტემბერს დაიწყო. პირველ გადაცემაში კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების პრემიერობის კანდიდატები მონაწილეობდნენ, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ – ვანო მერაბიშვილი, „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ – გიორგი თარგამაძე და „ლეიბორისტული პარტიიდან“ – შალვა ნათელაშვილი. დებატებში მონაწილეობაზე „ქართული ოცნების“ პრემიერობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა.
პროექტს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ „USAID“-სა და „IFES“-თან ერთად ახორციელებს.