ემიგრანტები მიუნხენში დამატებითი საარჩევნო უბნის გახსნას ითხოვენ
თბილისი, 17 სექტემბერი,
საქინფორმი. არასამთავრობო კოალიციური ორგანიზაცია „ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის“ მიუნხენში არსებულ საქართველოს საპატიო საკონსულოში დამატებითი საარჩევნო უბნის გახსნას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა.
„გვსურს, განმარტება გავაკეთოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 15 სექტემბერს გამოქვეყნებული განცხადების თაობაზე. ჩვენ ვადასტურებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნახსენები 187 ადამიანი უკვე შეყვანილია ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში. თუმცა გვსურს, ასევე, განვმარტოთ, რომ ამა წლის 14 სექტემბერს „ქართული ოცნების“ ემიგრაციისა და დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განცხადების შეტანის დროს ეს ადამიანები არ ირიცხებოდნენ ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში. შედეგად დასტურდება, რომ აღნიშნული ადამიანები 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს ნამდვილად იმყოფებიან სამხრეთ გერმანიის ტერიტორიაზე. როგორც ამ ადამიანების უმრავლესობამ, ასევე, სამხრეთ გერმანიაში მცხოვრებმა ასობით სხვა ჩვენმა თანამემამულემ ხელი მოაწერა მიუნხენში საარჩევნო უბნის გახსნის პეტიციას და შეიტანა ბერლინში საქართველოს საელჩოში. ეს ციფრი არის სრულიად საკმარისი საარჩევნო უბნის გახსნისთვის. ზემოთ ნახსენები 187 ადამიანის არსებობა ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში აბათილებს ცესკოს მიერ გამოთქმულ არგუმენტს იმის თაობაზე, რომ მიუნხენში დამატებითი საარჩევნო უბნის არგახსნის მიზეზი გახდა არასაკმარისი რაოდენობით განცხადებების წარმოდგენა და, ამდენად, სრულიად გაუგებარია, რატომ ქმნის ცესკო ხელოვნურ ბარიერს და არ ხსნის საარჩევნო უბანს მიუნხენში. 15 სექტემბერს ცესკოს მიერვე გამოქვეყნებული განცხადება ეწინააღმდეგება მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებას უბნის არგახსნის შესახებ. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ დაბეჯითებით მოვითხოვთ მიუნხენში არსებულ საქართველოს საპატიო საკონსულოში დამატებითი საარჩევნო უბნის გახსნას! ჩვენს ამ მოთხოვნას ამყარებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 23-ე მუხლი, რომელიც კრძალავს ერთ საარჩევნო უბანზე 1500-ზე მეტ ამომრჩეველს. ბერლინში საქართველოს საკონსულოს მიერ გამოქვეყნებული სიების მიხედვით, გერმანიის ტერიტორიაზე საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა აღემატება 2500-ს; მათ შორის, 1000-ზე მეტი რეგისტრირებულია სამხრეთ გერმანიის ტერიტორიაზე. გერმანული კანონმდებლობა არ კრძალავს საპატიო საკონსულოებში საარჩევნო უბნების გახსნას და, შესაბამისად, ვთვლით, რომ არ არსებობს მიუნხენში დამატებითი საარჩევნო უბნის გახსნისთვის ხელისშემშლელი მიზეზი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ სამხრეთ გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნა საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშრებით და ამით გაუადვილოთ 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა“, – ნათქვამია განცხადებაში.