აქტუალური
ევროკავშირის ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს სტუმრობენ

1-ministrebi-sazzoogado3თბილისი, 17 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს, დილით, საქართველოში ჩამოვიდნენ ბულგარეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ლატვიის, ლიტვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. როგორც ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, მათი ვიზიტი უკავშირდება 1 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. სამინისტროს განცხადებით, ვიზიტის მიზანია არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა და საქართველოს რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ თანადგომის  დადასტურება.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის ხუთი წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები პრეზიდენტ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან. დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან.

„ვიზიტის დროს დაგეგმილია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებული ძალისხმევის, ასევე, ევროკავშირი- საქართველოს ურთიერთობების, საქართველოში 1 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების, ასევე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების ასპექტების განხილვა“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. თავის პრესრელიზში მან, ასევე, განაცხადა, რომ ხუთი საგარეო საქმეთა მინისტრისგან შემდგარი დელეგაცია მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების საკითხს განიხილავს, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში იქნება.

საქინფორმის მკითხველებს შევახსენებთ, რომ ამასწინათ საქართველოს შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სტუმრობდნენ, რომელთაც საქართველოს ხელმძღვანელობასა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე იმსჯელეს.