საზოგადოება
სამგზავრო ფასდაკლება მუნიციპალურ ტრანსპორტში
tarifebiთბილისი, 17 სექტემბერი, საქინფორმი. დედაქალაქში გასული შაბათიდან მუნიციპალურ ტრანსპორტში ფასდაკლების ახალი სისტემა ამოქმედდა.

როგორც თბილისის მერიიდან იტყობინებიან, ყველა იმ მგზავრს , რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების გადახდისას ელექტრონული ბარათი „მეტრომანით“  სარგებლობს, შესაძლებლობა აქვს, მუნიციპალურ ტრანსპორტში პირველი მგზავრობის საფასური 50 თეთრი გადაიხადოს და საათ-ნახევრის განმავლობაში მეტროსა და ავტობუსში სხვა მარშრუტზე გადაჯდომისას უფასოდ იმგზავროს.

ფასდაკლების ახალი სისტემა ვრცელდება ყველა იმ კატეგორიის მგზავრზე, რომელიც სხვადასხვა სახის შეღავათით უკვე სარგებლობს (პენსიონერები, სტუდენტები, პედაგოგები, სოცილურად დაუცველები). მათი რიცხვი თბილისში 600 000-ია.

„ფასდაკლების აღნიშნული სისტემა აპრობირებულია ევროპის ბევრ ქვეყანაში და მნიშვნელოვანია ყველა იმ მგზავრისთვის, ვინც რეგულარულად სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით“, – აცხადებენ მერიაში.

მერიამ მეტროსა და ავტობუსში მგზავრობისას ფასდაკლების ახალი სისტემის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ერთი კვირის წინ გააცნო. აღნიშნული სიახლე ვებვერდზე www.chemitbilisi.com განთავსდა და 5 დღის განმავლობაში თბილისელებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ახალი ინიციატივისთვის მხარი დაეჭირათ.

მერიაში აცხადებენ, რომ ვებგვერდზე განთავსებულმა იდეამ ხმათა საჭირო რაოდენობაზე მეტი მოიპოვა და ის ამიტომაც განხორციელდა.

აქვე შევნიშნავთ, რომ იმ მგზავრებს, ვინც მთელი დღის განმავლობაში „მეტრომანით“ ყოველი მომდევნო მგზავრობის საფასურს ნებისმიერ მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათით იხდიდა (პირველად – 50 თეთრს, შემდეგ – 30 თეთრს და დანარჩენ მომდევნოზე – 20 თეთრს), ეს შეღავათი გაუუქმდა.