პოლიტიკა
სააკაშვილი: „მინდა, ყველაფერი მოვასწრო!“

1-wyaltubo-politikka2თბილისი, 17 სექტემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, მისი მოუთმენლობა იმით არის განპირობებული, რომ დაწყებული სარეაბილიტაციო პროექტები მოესწროს იმ დროში, სანამ ის პოლიტიკაშია ამა თუ იმ ფორმით.

ეს განცხადება მან წყალტუბოში მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა, სადაც ამ საკურორტო ქალაქის რეაბილიტაციის პროექტის დაწყება გამოაცხადა და ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სხვა ანალოგიურ პროექტებზეც ისაუბრა.

მაისში, როცა სააკაშვილი წყალტუბოს რეაბილიტაციის გეგმებზე პირველად საუბრობდა, განაცხადა: „მომეცით, დამაცადეთ კიდევ ორი, სამი, ოთხი წელი და ნახეთ, თუ არ გავხდი ამ ქალაქს მთელ ევროპაში ყველაზე მაგარ ადგილად“.

„მე მოუთმენელი ადამიანი ვარ და ყველაფერი ეს მინდა, მოესწროს იმ დროში, სანამ მე თქვენთან ერთად ვარ, სანამ პოლიტიკაში ვარ ამა თუ იმ ფორმით“, – მიმართა მან  წყალტუბოში შეკრებილ მხარდამჭერებს თავის სატელევიზიო გამოსვლაში.

მკითხველს შევახსენებთ, რომ სააკაშვილის მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს იწურება; თუმცა მას შეუძლია გახდეს პრემიერ-მინისტრი, რომლის ძალაუფლებაც მნიშვნელოვნად გაიზრდება ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ახალი კონსტიტუციური ნორმები ძალაში შესვლის შემდეგ. სააკაშვილი ყოველთვის თავს იკავებდა პრეზიდენტობის შემდგომ გეგმებზე საუბრისგან და თითქმის ყოველთვის არიდებდა თავს პასუხს კითხვაზე – აპირებდა, თუ არა პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას.

მმართველმა პარტიამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად მოქმედი პრემიერი ვანო მერაბიშვილი დაასახელა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომლის შემდეგაც არსებულმა მთავრობამ უფლებამოსილება უნდა მოიხსნას და პრეზიდენტმა ახალ პარლამენტს ხელახლა უნდა წარუდგინოს მინისტრთა კაბინეტი ნდობის მოსაპოვებლად.

თუმცა მმართველი პარტია თავს იკავებს დასახელებისაგან, თუ ვინ იქნება მისი პრემიერმინისტრობის კანდიდატი 2013 წლის შემდეგ, როცა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვასთან ერთად ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში. ამასთან, 2013 წელს ახალ პრემიერ-მინისტრს ის პარტია წარადგენს, რომელიც პირველ ადგილს აიღებს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

წყალტუბოში სააკაშვილმა, ასევე, მოუწოდა მხარდამჭერებს დარაზმვისა და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანისკენ.

„ჩვენი მტერი არა რომელიმე პოლიტიკური პარტიაა ან, თუნდაც, რომელიმე  ქვეყანაა –  ჩვენ ყველა ქვეყანასთან გვინდა, კარგად ვიყოთ; – განაცხადა მან, – ჩვენი მტერი არის გაჭირვება, ჩვენი მტერი არის უმუშევრობა, ჩვენი მტერი არის უპერსპექტივობა – ჩვენ, ფაქტიურად, სამივე ამ მტერზე აუცილებლად მოვიპოვებთ გამარჯვებას“.

„ჩვენ სხვა მტერი არ გვჭირდება. დანარჩენ ყველასთან მოვნახავთ საერთო ენას“, – დასძინა სააკაშვილმა.

მან, ასევე, განაცხადა, რომ თავის მეგობრებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა ყველა მათი დაპირება ცარიელ სიტყვებად არ დარჩეს.

„არც გუშინ დავბადებულვარ და არც შუშის კასრში არ მიცხოვრია, მე კარგად ვიცი, დღესაც კი როგორი გაჭირვებაა“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის ასე საძულველ საბჭოთა დროის საქართველოში წყალტუბო საკავშირო მნიშვნელობის კურორტი იყო – სწორედ მაშინ აშენდა უნიკალური კაპიტალური სანატორიუმები და სამკურნალო დაწესებულებები, რომლებშიც დღევანდელი ხელისუფლება ინტურისტებისათვის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების გახსნას გეგმავს...