სამართალი
ანქვაბს აფხაზეთში რადიკალური ისლამისტების შემოდინების ეშინია?

1-anqvabi-samaarTa3თბილისი, 14 სექტემბერი, საქინფორმი. აფხაზეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე დაუსვეს კითხვა. ანქვაბმა განაცხადა, რომ ამ მაგისტრალის აშენების წინააღმდეგია, რადგან ის შეცვლიდა კოდორის ხეობის უნიკალურ ბუნებას, რაც დაუშვებლად მიაჩნია.

„ეხო კავკაზას“ ცნობით, ტრანსკავკასიური მაგისტრალი აფხაზებისთვის ერთ დროს სანატრელი პროექტი იყო და აქამდე საზოგადოებაში ამ პროექტს ყველა მხარს უჭერდა. მაგისტრალის საშულებით აფხაზეთი პირდაპირ დაუკავშირდებოდა ჩრდილოეთ კავკასიას. ამიტომ პრეზიდენტის განცხადება ბევრისთვის შემაშფოთებელი იყო. თუმცა, აფხაზურ ბლოგოსფეროზე განსხვავებული სიტუაციაა – პროექტის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა თანაბარია.

პროექტის მომხრეები ძირითად აქცენტს ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე აკეთებენ. მათი თქმით, მაგისტრალი პირდაპირ დააკავშირებს აფხაზეთს ჩრდილოეთ კავკასიასთან, თანაც, ერთადერთი – სოჭის, გზა უკვე ზედმეტად გადატვირთულია.

პროექტის მოწინააღმდეგეებს კი ჩრდილოკავკასიელი ტერორისტების ეშინიათ. ისინი, ასევე, შიშობენ, რომ იქაური კორუმპირებული ჩინოსნები ან ბიზნესმენები აფხაზეთში დასახლდებიან. მათ აშფოთებთ ტრანსკავკასიური მაგისტრალის ქართველების მიერ გამოყენების შესაძლებლობაც. მათი თქმით, ქართული ჯარი ვერ გადადის აფხაზეთში ცუდი საგზაო პირობების გამო, ხოლო თუ ახალი მაგისტრალი აშენდა, ქართველებს სამხედრო მოქმედებების წარმართვა გაცილებით უფრო გაუადვილდებათ.

ბლოგოსფეროში ერთ რამეზე ყველა თანხმდება, რომ ანქვაბის უარი მხოლოდ ეკოლოგიურ მიზეზებს არ შეიძლება უკავშირდებოდეს. აფხაზი ჟურნალისტი ინალომ ხაშიგომის აზრით, ანქვაბი გაბრაზებულია იმით, რომ იგი ამ პროექტის განხილვაში არ ჩართეს.

თუმცა, თავად „ეხო კავკაზას“ სტატიის ავტორი ვიტალი შარია მიიჩნევს, რომ ანქვაბს ამ გზით რადიკალური ისლამიზმის შემოსვლის ეშინია.