სამართალი
ცხინვალში თავდაცვის მინისტრის მოადგილის ბინის კარი ააფეთქეს

1-cxinv-samaaaa1თბილისი, 14 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ, ღამით, სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იბრაგიმ გასეევის სახლის რკინის კარი ააფეთქეს. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

წინასწარი მონაცემებით, აფეთქების სიმძლავრე რამდენიმე ასეული გრამი ტროტილის ეკვივალენტური იყო და, სავარაუდოდ, დისტანციური მართვის პულტის გამოყენებით განხორციელდა.

საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. რეგიონის გენპროკურორი მერაბ ჩიგოევი აფეთქებას (გასეევი ოჯახთან ერთად სახლში იმყოფებოდა) მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირებს.

„გამოძიება, რა თქმა უნდა, განიხილავს ყველა შესაძლო ვერსიას, მათ შორის, ვერსიას უცხო სახელმწიფოს სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი თავდასხმის შესახებ“, – იუწყება „რესი“ ჩიგოევის სიტყვებზე დაყრდნობით.