აქტუალური
„ქართული ოცნება“: 15 სექტემბერი – ახალციხე

1-axalcixe-aqqtuaa1თბილისი, 14 სექტემბერი, საქინფორმი. პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მორიგი აქცია შაბათს, 15 სექტემბერს, ახალციხეში გაიმართება.

ორი დღეა, დაგეგმილ აქციას კოალიციის ახალგაზრდული ჯგუფები მეგაფონების საშუალებით აანონსებენ. აქციის შესახებ განცხადებები გამოკრულია ქალაქის ცენტრალური ქუჩის ელექტრობოძებზეც.

უკვე ცნობილია, რომ აქცია თამარ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე –  კოსტავასა და ზაქარია დიდიმამიშვილის ქუჩების შეერთების ადგილას – გაიმართება.

როგორც კოალიციის ახალციხის შტაბში აცხადებენ, ადგილობრივი თვითმმართველობისგან მოედნის გამოყოფასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შეჰქმნიათ: „უპრობლემოდ გამოგვიყეს ის ადგილი, რომელიც მოვითხოვეთ“.

უსაფრთხოების დაცვის მიზნით კოალიციამ უკვე მიმართა საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების სამსახურებსაც. „ქართული ოცნების“ აქცია შაბათს, 17:00 საათზე, დაიწყება. აქციამდე იმავე ტერიტორიაზე, ტრადიციისამებრ, ბერას კონცერტი გაიმართება.

აქციის ორგანიზებაში რეგიონულ შტაბებს თბილისიდან ჩასული კოალიციის ახალგაზრდული ფრთაც ეხმარება. ჯგუფი ქალაქში გუშინ საღამოს ჩავიდა.

კოალიციის ახალციხის შტაბის ხელმძღვანელ ელვარდ ზაზაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ აქციის დღეს ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობას არ შეზღუდავენ და არ დაიწყებენ მოსახლეობის დაშინებას, მხოლოდ ახალციხის მუნიციპალიტეტიდან აქციაზე 7000-დან 10 000-მდე ადამიანი მივა.