პოლიტიკა
ამერიკელი ექსპერტები საქართველოს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს სწავლობენ

1-sahaero-polliti3თბილისი, 14 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს საჰაერო შესაძლებლობების შესწავლა დაიწყო, რის შემდეგაც ისინი საქართველოს საჰაერო თავდაცვის გაძლიერების დოქტრინის შემუშავებაზე დაიწყებენ მუშაობას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, გაზრდასა და განვითარებას.

თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი „საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის თავდაცვის სფეროში მიღწეული ექვსპუნქტიანი გეგმის პრაქტიკული განხორციელების“ დაწყების მანიშნებელია. ამ შეთანხმებას ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ვაშინგტონში იანვარში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს, რაც ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის ახალ ფაზაზე გადაყვანას ისახავს მიზნად.

„არსებული სიტუაციის შესწავლის შემდეგ, უკვე მეორე ეტაპზე, ამერიკელი ექსპერტები საქართველოს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების დოქტრინის შემუშავებაზე დაიწყებენ მუშაობას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, გაზრდასა და განვითარებას, – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო. – მესამე ეტაპზე კი  უშუალოდ დაიწყება  ამერიკელი ექსპერტების მიერ შემუშავებული დოქტრინის იმპლემენტაცია“.

თავდაცვის სამინისტრომ ჩამოთვალა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ექვსპუნქტიანი გეგმის ძირითადი მიმართულები, მათ შორის, ოპერატიული საჰაერო კონტროლისა და საჰაერო თავდაცვის სფეროში წვრთნა და განათლება; საბრძოლო თავდაცვითი  საინჟინრო წვრთნა და განათლება; მხარდამჭერი ვერტმფრენების მიმართულებით წვრთნა და განათლება; სანაპირო დაცვის კონტროლის სფეროში წვრთნა და განათლება; სერჟანტებისა და უმცროსი ოფიცრების ინსტრუქტორების მომზადება ტაქტიკურ დონეზე; ბრიგადის მმართველობისა და შტაბის წვრთნა და განათლება.

სამინისტროს განცხადებით, სექტემბერში ექსპერტების კიდევ ერთი ჯგუფი ჩამოვა საქართველოში ამერიკიდან თავდაცვით საინჟინრო საკითხებში ქართველი სამხედრო ინჟინრების წვრთნისა და მომზადების მიზნით.

ივნისის დასაწყისში ბათუმში გამართული სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ორმა ქვეყანამ განიხილეს ის გზები, რითაც დახმარება გაეწევა საქართველოს, რათა განავითაროს საჰაერო სათვალთვალო და საჰაერო თავდაცვისა და სანაპირო სათვალთვალო შესაძლებლობები, თავდაცვითი საბრძოლო საინჟინრო შესაძლებლობები, აგრეთვე, გაუმჯობესდეს სერჟანტების მეწინავე და საწვრთნელი უნარ-ჩვევები, ბრიგადის შტაბის მართვისა და კონტროლის შესაძლებლობები და მომზადდეს სატრანსპორტო შვეულმფრენთა ფლოტი გასაახლებლად.