სამართალი
თბილისი, 13 სექტემბერი, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საარჩევნო უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა საზღვარგარეთ 42 613 შეადგენს, საიდანაც უმეტესობა საკონსულო აღრიცხვაზე მდგომი პირია, ხოლო 10 სექტემბრის მდგომარეობით, 1 409 ამომრჩეველმა გაიარა სპეციალური საარჩევნო რეგისტრაცია.
1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პოტენციურად შესაძლოა, უცხოეთში მცხოვრებმა 42 613-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა, ვინაიდან უცხო ქვეყნებში გახსნილ უბნებზე საარჩევნო რეგისტრაციის ვადა 13 სექტემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა.ცესკოს ცნობით, მან საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების სულ 54 963-კაციანი სია მიიღო 11 სექტემბერს, თუმცა ამ რაოდენობას აკლდება ის ამომრჩევლები, რომლებიც იმყოფებიან რუსეთში და იმ ქვეყნებში, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე 20-ზე ნაკლები ამომრჩეველი იმყოფება; და, ასევე, ისინი, ვინც 2012 წლის ივნისის შემდეგ იმყოფება საქართველოში.
სულ საზღვარგარეთ 40 საარჩევნო უბანია გახსნილი 32 ქვეყნის 38 ქალაქში. მათ შორის არ არის რუსეთი, სადაც საქართველოს მოქალაქეები 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ – ხელისუფლებამ მისი ეს გადაწყვეტილება ტექნიკური პრობლემებით ახსნა.