საზოგადოება
„ამომრჩეველთა ლიგა“ – მონიტორინგის სამსახურის წინააღმდეგ

1-liga-sazooo2თბილისი, 13 სექტემბერი, საქინფორმი. დიპლომატიურ კორპუსსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს „ამომრჩეველთა ლიგამ“ პოლიტიკურ პარტიებთან გათანაბრებული პირის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის გადაწყვეტილება გააცნო.

როგორც „ამომრჩეველთა ლიგის“ თავმჯდომარე კოკა გუნცაძემ განაცხადა, აუდიტის სამსახურის განმარტება იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სადამკვირვებლო ორგანიზაციას საარჩევნო მიზნები ჰქონდეს, გაუგებარი და აბსურდულია.

„მას შემდეგ, რაც მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგამ“ განაცხადა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება და ცესკოში დარეგისტრირდა როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაცია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასწრაფოდ თავისი გადაწყვეტილებით „ამომრჩეველთა ლიგა“ საარჩევნო მიზნების მქონე ორგანიზაციად აღიარა და პოლიტიკურ პარტიებთან გათანაბრებული პირის სტატუსი მიანიჭა. ამ გადაწყვეტილებით სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის არათანაბარი პირობები იქმნება“, – განაცხადა გუნცაძემ.

მან დიპლომატიურ კორპუსსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს „ამომრჩეველთა ლიგის“ მიერ თბილისსა და ზუგდიდში ჩატარებული კვლევის შედეგებიც გააცნო და აღნიშნა, რომ საარჩევნო სიაში 85 ათასი დაუდგენელი პირი აღმოჩნდა.