პოლიტიკა
თომას მელია: „მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობას ხალხის რჩეულებთან“

1-melia-politikaa3თბილისი, 13 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ მოუწოდებს საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილეს, უზრუნველყონ, რომ ქართველმა ხალხმა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად შეაფასოს და ელის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას იმ ლიდერებთან, რომელთაც ქართველი ხალხი აირჩევს. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თომას მელიამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„იმ ფონზე, როდესაც პოლიტიკური პარტიები პირობას დებენ, რომ არ დაუშვებენ ძალადობას, ხოლო ხელისუფლება პირობას დებს, რომ სამართალდამცველები უკიდურესად პროფესიულად იმოქმედებენ, მოველით, რომ არჩევნებისა და მისი შემდგომი დღეები მშვიდად ჩაივლის, – აღნიშნა მან. – ჩვენ გულწრფელად გვაქვს იმედი, რომ ეს ასე მოხდება“.

„შევახსენებთ ყველა პარტიას, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ ახალ პარლამენტში მათ ერთად კონსტრუქტიულად უნდა იმუშაონ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისათვის. ამიტომ პარტიებმა საკუთარი საარჩევნო კამპანია ამ სულისკვეთებით უნდა ჩაატარონ“, – განაცხადა თომას მელიამ.

ამერიკელი დიპლომატი უწყებათაშორისი დელეგაციის თანხლებით თბილისში 10-დან12 სექტემბერამდე იმყოფებოდა ვიზიტით, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გაიმართა ხელისუფლებისა და ოპოზიციის, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

„ჩვენი დელეგაცია საქართველოშია, რათა ხაზი გაუსვას დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მნიშვნელობას, რომლის შედეგად ქართველმა ხალხმა მისი ნების გამომხატველი პარლამენტი უნდა აირჩიოს“, – განაცხადა თომას მელიამ.

მისი თქმით, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისათვის, ხოლო ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ საარჩევნო გარემოს სამართლიანად აღქმა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი ინდიკატორები იქნება.

მელიამ განაცხადა, რომ აშშ-ის დელეგაციამ მთავრობის წარმომადგენლებს მოუწოდა, საარჩევნო კანონმდებლობის ნორმები აღსრულდეს სამართლიანად, მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ, ხოლო პოლიტიკური პარტიებს მათი დაცვა სთხოვა.

„კერძო საუბრებისას საარჩევნო პროცესის მონაწილე სხვადასხვა სუბიექტს გადავეცით ერთი და იმავე შინაარსის შეტყობინება: შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართველი ხალხის სწრაფვას თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული პროცესებისაკენ, – განაცხადა მელიამ. – ჩვენ მხარს არ ვუჭერთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან კანდიდატს და მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას იმ ლიდერებთან, რომელთაც ქართველი ხალხი აირჩევს“.

ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა გარემომ ხელი შეუწყოს საარჩევნო კამპანიაში ყველა პარტიის სრულფასოვან ჩართულობას თანაბარი პირობებით.

„ბოლო თვეებში მომხდარი სხვადასხვა ნაკლოვანების მიუხედავად, ნათელია, რომ მიმდინარეობს კონკურენტული საარჩევნო კამპანია“, – განაცხადა მან.

თომას მელიას განცხადებით, თბილისში გამართული შეხვედრების დროს პარტიებს სთხოვეს, პოლიტიკური ამოცანები საარჩევნო ყუთის მეშვეობით გადაჭრან.

„მშვიდობიანი პროტესტისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემა დემოკრატიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი გამორჩეული ნიშანია“, – განაცხადა მან. – თუმცა, ამავე დროს, ყველა პარტიამ უარი უნდა თქვას ძალადობაზე და თავიდან აიცილოს პროვოკაციები“.

აშშ-ის დელეგაცია მიესალმა სააგიტაციო პერიოდში მაუწყებელთა სავალდებულო ტრანზიტი „must carry“-ს პრინციპის დაკანონებას, რომელმაც პარტიებისათვის მედიის ხელმისაწვდომობა უზრუნველყო.

„მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ პრინციპის გავრცელებას არჩევნების შემდგომ პერიოდზე, რომელიც მოიცავს არჩევნების შედეგების გასაჩივრების პროცესს, აგრეთვე, „must carry“-ს დანერგვას არჩევნების შემდგომი პერიოდის მერეც“, – განაცხადა თომას მელიამ.

„Must carry”-ს პრინციპის გახანგრძლივებისკენ ხელისუფლებას კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის გზით მოუწოდეს სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხებაში“ ჩართულმა ორგანიზაციებმაც.

12 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ გაიმეორა ადრინდელი პოზიცია, რომ ხელისუფლება მუდმივად ვერ დაავალდებულებს საკაბელო ოპერატორებს „საკუთარი კომერციული ინტერესის ხარჯზე“ იმოქმედოს „Must Carry”-ს პრინციპით. თუმცა, მან, ასევე, აღნიშნა, რომ საკაბელო ოპერატორებსა და ტელევიზიებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებაზე მიღწეული ნებისმიერი შეთანხმება იქნება მისალმებული და მხარდაჭერილი.

თომას მელია პრესკონფერენციაზე მიესალმა ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ჯგუფების მუშაობასაც, რომლებიც ხელს უწყობენ, რათა საარჩევნო პროცესი იყოს გამჭვირვალე, შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და გამოხატავდეს ქართველი ხალხის ნებას.