ევროსაბჭო საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაციით შეშფოთებულია
თბილისი, 13 სექტემბერი,
საქინფორმი. თბილისში მყოფი ევროსაბჭოს დელეგაცია აცხადებს: „მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ მთლიანად დაემორჩილოს საარჩევნო კანონმდებლობას და ხაზს ვუსვამთ, რომ კანონის უსამართლოდ გამოყენების აღქმა არ უნდა გახდეს გასამართლებელი საბაბი, რომ ვინმე კანონს არ დაემორჩილოს. დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელია, საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა საარჩევნო პროცესის მიუკერძოებლობისა და სამართლიანობისადმი. ყველა პარტიამ და სახელმწიფო დაწესებულებამ თავი უნდა შეიკავოს ნაბიჯის გადადგმისაგან, რომელმაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს ამ ნდობას, და ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ საზოგადოების ნდობა კიდევ უფრო გამყარდეს“.
პირველი შეხვედრა დელეგაციამ გუშინ სახალხო დამცველთან გამართა. ბრიუსელიდან ჩამოსული 10-კაციანი ჯგუფი ლუკა ვოლონტეს ხელმძღვანელობით საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს სწავლობს. სწორედ ამიტომ სხვა შეხვედრებისგან განსხვავებით სახალხო დამცველთან მოლაპარაკების თემა არა ზოგადად ადამიანის უფლებები, არამედ საპარლამენტო არჩევნებამდე შექმნილი ვითარების განხილვა იყო.
სახალხო დამცველის შემდეგ ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ საუბარი „ქრისტიან-დემოკრატებთან“ გაგრძელდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია ოპოზიციურ ძალებს გუშინ ცალ-ცალკე შეხვდა. გიორგი თარგამაძის პარტიასთან კონსულტცაიების შემდეგ ლუკა ვოლონტეს ჯგუფი – დავით გამყრელიძეს, მოგვიანებით კი „ქართულ ოცნებას“ გაესაუბრა.
რატომ არის პოლარიზებული წინასაარჩევნო გარემო და რა ვითარებაში მიმდინარეობს პოლიტიკური პარტიების კამპანია, – ამ საკითხებს განიხილავდა ევროსაბჭოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობის წევრებთან.
დღის ბოლოს ბრიუსელიდან ჩამოსული სტუმრები საქართველოს პრეზიდენტმა, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, უშიშროების საბჭოს მდივანმა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობამ მიიღო.