სამართალი
თბილისი, 12 სექტემბერი, საქინფორმი. ბლოკმა „ბიძინა ივანიშვილი – ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს საკონსულოებში ემიგრანტების ამომრჩევლებად დარეგისტრირების წესის გამარტივების მოთხოვნით, ცესკოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ზურაბ მარაქველიძემ შეიტანა.მისი თქმით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 9 სექტემბრის დადგენილების თანახმად, უცხოეთში მცხოვრები ქართველები ამომრჩევლად დასარეგისტირირებლად უშუალოდ უნდა გამოცხადნენ რეგისტრაციის ადგილას, რაც მათ სერიოზულ ბარიერებს უქმნით.
როგორც მარაქველიძე განმარტავს, 9 სექტემბრის დადგენილებით, მაგალითად, მილანსა და იტალიის სხვა ქალაქებში მცხოვრებმა ქართველებმა რეგისტრაცია საელჩოში, ანუ რომში უნდა გაიარონ. იქ ჩასასვლელად კი ერთი სამუშაო დღის დაკარგვა მოუწევთ, რაც მათ პრობლემებს შეუქმნით.
„აღნიშნული ბარიერი ხელოვნურადაა შექმნილი. მოქალაქეებს დარეგისტრირების საშუალება ფოსტით უნდა მისცემოდათ, საბუთებს შეაგროვებდნენ და ფოსტით გაგზავნიდნენ. მაგრამ ცესკომ პროცედურა გაართულა. „ქართული ოცნება“ ცესკოს ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და მოითხოვს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მიეცეთ საშუალება, დამატებითი დაბრკოლების გარეშე მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში“, – განაცხადა მარაქველიძემ.