აქტუალური
The Idependent ივანიშვილის შესახებ

1-biZo-aqtuua2თბილისი, 12 სექტემბერი, საქინფორმი. გამოცემა „The Idependent“ საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ ლიდერის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით „ბიძინა ივანიშვილი: მილიარდერი ქართული ოცნებით“. სტატიის ავტორი შონ უოლკერია. მის თარგმანს კი foreignpress.ge ავრცელებს.

ჟურნალისტი სტატიის დასაწყისში ერთ ძირითად კითხვას სვამს და მასზე პასუხის გაცემას ცდილობს. ავტორს აინტერესებს, ვინ არის სინამდვილეში ივანიშვილი: თბილისის მხსნელი, თუ, უბრალოდ, პუტინის მარიონეტი?

ჟურნალისტი ივანიშვილს კარჩაკეტილ მილიარდერს უწოდებს, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ჩრდილიდან გამოვიდა და მზადაა, ქვეყნის ლიდერს დაუპირისპირდეს. სტატიაში განხილულია სააკაშვილი-ივანიშვილის ძველი ურთიერთობები. აქ არის მოყვანილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი მრჩევლის კომენტარები, რომელიც სააკაშვილი-ივანიშვილის ახლო ურთიერთობას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მხარეები ორ-სამჯერ თუ შეხვედრიან ერთმანეთს. ივანიშვილი კი საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, რომ სააკაშვილი რაღაც დროის განმავლობაში დღეში 50-ჯერ მაინც ურეკავდა.

„ივანიშვილი ამბობს, რომ წლების განმავლობაში ისინი ყოველ კვირას ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ 2008 წელს, სააკაშვილის ხელახლა არჩევის შემდეგ, ივანიშვილმა, შეშფოთებული იყო რა სააკაშვილის პოლიტიკური კურსით, მასთან კონტაქტი შეწყვიტა. „ვუთხარი, რომ ჩემს სიმბარათს ვცვლი, აღარ დამირეკო, მე არ მინდა პოლიტიკოსობა და შენ მაიძულებ, რომ გავხდე. ჩემს დარწმუნებას ცდილობდა, თავისი მეუღლეც კი გამომიგზავნა, მაგრამ მე ვთქვი – არა“, – წერია სტატიაში, თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ ივანიშვილს სააკაშვილი სახლში არასოდეს მიუღია.

„ეს რომ პუტინს გაეგო, ჩემი ბიზნესი რუსეთში მეორე დღესვე დაიხურებოდა“, –  ამბობს ივანიშვილი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე უკიდურესი უნდობლობა იყო მოსკოვში სააკაშვილისა და მისი პრონატოსეული პოლიტიკის მიმართ. ივანიშვილი ირწმუნება, რომ სააკაშვილის რეზიდენციაში ვერტმფრენით გადაფრინდა, სადაც მათ ფარული შეხვედრები ჰქონდათ, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას არ გაეგო“, – აღნიშნულია „The Idependent“-ის სტატიაში.

ჟურნალისტი ივანიშვილის წარსულითაც ინტერესდება და ცდილობს, გაიგოს როგორ გამდიდრდა ის. შონ უოლკერი აღნიშნავს, რომ ივანიშვილის გამდიდრების ისტორია საიდუმლოებითაა მოცული, თვითონ ივანიშვილი კი ამბობს, რომ ის ყველაფერს მოჰყვება, მაგრამ ამის გადამოწმება შეუძლებელი იქნება.

„ისტორია, რომელსაც ის ჰყვება, ოლიგარქის კლასიკური ზღაპარია მოხერხებულობასა და სისასტიკეზე, სტრუქტურულ საფეხურებზე აღმასვლასა და უამრავი მტრისგან თავის დაღწევაზე, იმაზე, რაც 1990-იანი წლების დასაწყისის რუსეთს ახასიათებდა, როდესაც მხოლოდ რამდენიმე ჭკვიანმა შეძლო ისე სწრაფად გამდიდრება, როგორც – ვერავინ კაცობრიობის ისტორიაში“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.

ივანიშვილი ირწმუნება, რომ მისი ბანკი არასდროს იყო ჩართული საეჭვო საქმიანობაში, თუმცა ერთი წყაროს მიხედვით, მოსკოვში ბიზნესსამყაროს ამაზე ეცინება და ბანკს აღწერს როგორც „რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე საიდუმლო“ სექტორს.

თავად ივანიშვილი კი ამბობს: „თუკი ვგრძნობდით, რომ ესა თუ ის დარგი ძალადობის ველში ექცეოდა, ჩვენ მას ვტოვებდით“.

სტატიის მიხედვით, ივანიშვილის მიერ რუსეთში გატარებული ხანგრძლივი ცხოვრებისა და იმის გამო, რომ მოწოდებულია, გაუმჯობესდეს ურთიერთობები მოსკოვთან, სააკაშვილის გუნდს ის კრემლის მარიონეტად გამოჰყავს.

„ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ისევე აკრიტიკებს პუტინს, როგორც სააკაშვილს. „რუსეთი მაშინ დავტოვე, როდესაც პუტინი მოვიდა მთავრობაში, – ამბობს იგი. – ჩემი ჰობი ფსიქოანალიზი იყო. ის, თუ როგორ იქნევდა იგი ხელებს, რა კომპლექსები ჰქონდა, მაშინებდა. პუტინის ფსიქოლოგიას მივხვდი და გავაცნობიერე, რომ საკმარისი ფული მქონდა, რათა თავისუფლად და ბედნიერად მეცხოვრა. არ მინდოდა დარჩენა და სისტემის ნაწილად ყოფნა“, – აღნიშნავს გამოცემა. აქვე საუბარია ივანიშვილის ქველმოქმედებაზე.

„წლების განმავლობაში მილიონობით გირვანქა სტერლიგს მშვიდად ხარჯავდა. რატომ? უბრალოდ, იმიტომ, რომ გაცემა სიამოვნებას ჰგვრიდა, თუ ამით იმ უსიამოვნო განცდის შემცირებას ცდილობდა, რომ ამდენი რამ გააჩნდა იმ დროს, როდესაც მისი ქვეყანა ასე ღარიბი იყო?“ – წერია სტატიაში.

„რა თქმა უნდა, უხერხულია, როცა შენ რაღაცები გაქვს და სხვას – არა. თეატრები ინგრეოდა; მსახიობები, რომლებიც ბავშვობიდან გიყვარდა, შიმშილობდნენ; ეს საშინელებაა. უხილავი ადამიანის სტატუსი საშუალებას მაძლევდა, ქუჩებში მევლო, ხალხს შევხვედროდი და მათი პრობლემების შესახებ მომესმინა, და შეუძლებელი იყო, არ გაგჩენოდა მათი დახმარების სურვილი“, – პასუხობს ივანიშვილი.

სტატია ნაწილობრივ რეპორტაჟულ ხასიათს ატარებს. აქ არის საუბარი ივანიშვილის საარჩევნო კამპანიაზე, რომელიც მან სვანეთში ჩაატარა. სტატიაში არის, აგრეთვე, ივანიშვილისა და ჟურნალისტის გასეირნება მილიარდერის სასახლესა და ზოოპარკში.

„ქართველი მილიარდერი, იმ ოლიგართა შორის, რომლებიც საბჭოთა კავშირის ნანგრევებიდან იშვნენ, ყველაზე მეტად კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა; ახლა მას უფრო სერიოზული საზრუნავი გაუჩნდა, ვიდრე ზებრა ზელდას ორსულობა, ან პარაზიტის მიერ პალმის ხეების გაჩანაგებაა“, – წერს ჟურნალისტი.

სტატიის ავტორი ივანიშვილის პარტიის სახელსაც განიხილავს და ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური პარტიისათვის უცნაური სახელია და ამიტომაც ზოგიერთ უბანში ივანიშვილსა და მის რაზმს აგდებით „მეოცნებეებს“ ეძახიან.

„მაგრამ თუკი თქვენ ეძებთ ვინმეს, ვისაც ოცნებების რეალობად გადაქცევა შეუძლია, ადამიანი მილიარდიანი ქონებითა და ალბინოსი ფარშევანგების კოლექციით, ურიგო არჩევანი არ უნდა იყოს“, – წერია სტატიაში.