თბილისი, 11 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებში ღვთისმსახურება აღევლინება.
იოანე ნათლისმცემელი უდიდესი წინასწარმეტყველი და უფლის წინამორბედი იყო, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა. ამას თვით იესო ქრისტე აღნიშნავდა. წმინდა სახარების მიხედვით, წმიდა იოანე ნათლისმცემელს თავი მეფე ჰეროდემ მოჰკვეთა.უფლის ნათლობის შემდეგ გალილეის მმართველმა იროდ ანტიპამ (ჰეროდემ) იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩააგდო, რადგან იოანე მას უსჯულოებაში ამხელდა. ერთხელ, თავის დაბადების დღეზე, ჰეროდემ ნადიმი გამართა და ახლობელ-მეგობრები მოიწვია. ჰეროდიადას ასული სალომეა სტუმრების გასართობად როკავდა, რითაც დიდად აამა ჰეროდეს. მოხიბლულმა მმართველმა ქალს ფიცით აღუთქვა, რომ ყველაფერს მისცემდა, რასაც ითხოვდა, თუნდაც ნახევარი სამეფო ყოფილიყო. სალომეა დედას წინასწარ ჰყავდა გაფრთხილებული, რომ ჰეროდესგან იოანე ნათლისმცემლის თავი მოეთხოვა. ჰეროდე დიდად დამწუხრდა, ეშინოდა, რომ წინასწარმეტყველის მოკვლისთვის ღვთისგან ძალიან დაისჯებოდა, ეშინოდა ხალხისაც, რომელსაც ძალიან უყვარდა იოანე, მაგრამ არ ისურვა დაერღვია სტუმრების წინაშე დაუფიქრებლად დადებული ფიცი და ბრძანა, ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი სალომეასთვის მიერთმიათ.
უფლის წინამორბედის მოკვეთილი თავი სალომეას მიართვეს. გადმოცემით, მოკვეთილმა თავმა ბაგეები გახსნა და კიდევ ერთხელ ამხილა ჰეროდე – არ უნდა გყავდეს ცოლად შენი ძმის ცოლიო. სალომეამ ლანგარი დედას მიუტანა. გახელებულმა ჰეროდეადამ იოანეს ენა ნემსით დაუჩხვლიტა და თავი უწმინდურ ადგილას დაფლა. მაგრამ ჰეროდეს ეზოსმოძღვარ ქოზას კეთილმსახურმა ცოლმა იოანამ თავი ამოთხარა, თიხის ჭურჭელში ჩაასვენა და ელონის მთაზე დაკრძალა. იოანე ნათლისმცემლის წმინდა გვამი კი მისმა მოწაფეებმა სებასტიაში მიაბარეს მიწას.
წმინდა წინასწარმეტყველის მოკვლის შემდეგ ჰეროდე ერთხანს მმართველობდა, მაგრამ ღვთის რისხვა მას, ჰეროდიადასა და სალომეას სიცოცხლეშივე მიეწია. ერთ ზამთარს სალომეამ გაყინულ მდინარეზე როკვა მოინდომა, შუა როკვისას ყინული ჩატყდა და სალომეა მდინარეში ჩავარდა, თავი კი ზემოთ დარჩა. აჩქარებულმა მდინარემ სალომეას ტანი თავს მოსწყვიტა. მისი გვამი ვეღარ იპოვეს, თავი კი, როგორც ერთ დროს წმინდა წინასწარმეტყველ იოანესი, დედას მიუტანეს. არაბეთის მეფემ თავისი ასულის შერცხვენისთვის ჰეროდეს წინააღმდეგ გაილაშქრა. ჰეროდე დამარცხდა, რის გამოც განრისხებულმა იმპერატორმა იგი თავის ცოლთან ერთად ჯერ გალიაში, შემდეგ კი ესპანეთში გადაასახლა. ერთ ღამეს მოულოდნელად მიწა გაიპო და ჰეროდე ჰეროდიადასთან ერთად უფსკრულში დანთქა.
იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე ახალი სტილით 11 სექტემბერს (ძვ. სტილით 29 აგვისტოს) აღინიშნება. ამ დღეს ქრისტიანები მარხულობენ, რათა ერთგვარი თანალმობა გამოხატონ უფლის წმინდა წინამორბედისა და ნათლისმცემლისადმი.