თბილისი, 11 სექტემბერი, საქინფორმი. თელავში აქციის დასრულების შემდეგ ინციდენტი მოხდა. მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ხელისუფლება „ქართული ოცნების“ მიმართ ქვების სროლის პოლიტიკას აგრძელებს და აღნიშნა, რომ უცნობმა 20 პირმა „ქართული ოცნების“ აქციის სამ მონაწილეს, რომლებიც პანკისის ხეობიდან იყვნენ გადმოსული, სცემეს.
„აქციის დასრულების შემდეგ 22 წლის ანგელ ბორჩაშვილი, 25 წლის ხიზირ ქუშანაშვილი და 40 წლის ხიზირ გაურგაშვილი სახლში ბრუნდებოდნენ. უცებ ატყდა ჩხუბი და ოცამდე ახალგაზრდა თავს დაესხა მათ და სცემეს“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.საავადმყოფოში რამდენიმე წუთის შემდეგ თელავის რაიონის პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და მათ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს დაკითხვის მიზნით.
მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ამ დრომდე უცნობია, თუ რა ბრალდება წაუყენეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს.
„თელავის შსს რაიონული სამმართველოში კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუ რა მუხლითაა საქმე აღძრული და რა ბრალდებით არიან დაკავებული პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტები“, – განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ხიზირ ქუშანაშვილი დილით კვლავ საავადმყოფოში დააბრუნეს.
„ქართული ოცნების“ პრესსპიკერის განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უწყებათაშორის კომისიას უკვე მიმართეს.