საზოგადოება
„მაესტროს“ სატელიტურ ანტენებზე ყადაღა იხსნება

1-maesttro-sazooga3თბილისი, 11 სექტემბერი, საქინფორმი. კოალიციის – „მედიის ადვოკატირებისთვის“ – ხელმძღვანელ ლაშა ტუღუშის ინფორმაციით, ხელისუფლება „მაესტროს“ სატელიტური ანტენების მოსახლეობისათვის დარიგებაზე თანახმაა, ოღონდ იმ პირობით, თუ ამას „საქართველოს ფოსტა“ განახორციელებს. შესაბამისი განცხადება ტუღუშმა უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელ გიგა ბოკერიასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ლაშა ტუღუშმა და ზემოხსენებული შეხვედრის მონაწილე სხვა ჟურნალისტებმა, მათ შორის, შორენა შავერდაშვილმა და ნინო ზურიაშვილმა, ზემოხსენებული წინადადება ტელეკომპანია „მაესტროს“ ხელმძღვანელობას გააცნეს.

ამასთან, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში „მაესტროს“ სატელიტურ ანტენებზე ყადაღა მოიხსნება.

„უწყებათაშორისი კომისია გვთავაზობს, რომ ანტენებს „საქართველოს ფოსტა“ დაარიგებს. მაგრამ ჩვენთვის მარტო დარიგება არ არის საკმარისი. აქ კომერციული მხარეცაა გასათვალისწინებლი. ამის შესახებ უცხოელ პარტნიორებს დაველაპარაკებით. საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ და ჩვენს პოზიციას განვაცხადებთ. თუ სწრაფ ტემპებში ვიმუშავებთ და ხელს არ შეგვიშლიან, ანტენების დარიგებას არჩევნებამდე შევძლებთ. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ შეძლოს ჩვენი სიხშირის დაჭერა“, –  აცხადებს „მაესტროს“ გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე და დასძენს, რომ, მისი აზრით, კომისიის გადაწყვეტილებაზე გავლენა საერთაშორისო ორგანიზაციებმა იქონიეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საბაჟოზე „მაესტროს“ კუთვნილ ათასობით სატელიტურ ანტენას პროკურატურის მოთხოვნით ყადაღა დაადო, რადგან ზემოხსენებულმა უწყებამ მიიჩნია, რომ ანტენების დარიგება „თვალთმაქცური გეგმის“ ნაწილი იყო, რომელსაც ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა კავშირი.