თბილისი, 11 სექტემბერი, საქინფორმი. ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ლოპოტას ხეობაში მომხდარი ტრაგედია, რომლის დროსაც ქართული სპეცსამსახურების სამი წარმომადგენელი და შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი დაიღუპა, გამოძიებული იქნება და დამნაშავეები დაისჯებიან.
მან ეს განცხადება თელავში კამპანიის ფარგლებში გამართულ ფართომასშტაბიან აქციაზე გააკეთა მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყნის 11 ქალაქში გამართული შეკრებების ფარგლებში თელავშიც გამართა ფართომასშტაბიანი აქცია.„ადამიანის ბედნიერება კი არა, ადამიანის სიცოცხლეც რომ არაფერია ამ ხელისუფლებისთვის, ყველამ ვნახეთ ამ დღეებში ლოპოტას ხეობის სოფელ ლაფანყურის მიდამოებში დატრალებული ტრაგედიის დროს, – განაცხადა ივანიშვილმა, - იქ ქართველი ჯარისკაცები დაიღუპნენ, იქ დაიღუპნენ საქართველოს მოქალაქე ქისტები და ჩრდილოეთკავკასიელები. ეს არ არის ქართული ოცნება, ასეთი არ შეიძლება ქართული ოცნება რომ იყოს“.
თავდაპირველი უარყოფის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა 3 სექტემბერს, რომ შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრიდან 29 აგვისტოს ქართულ ძალებთან შეტაკებისას მოკლული ორი წევრი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ პანკისის ხეობიდან.
„ჩვენ არ ვიცით, რა მოხდა სინამდვილეში, და ამიტომ არ ვაპირებ პოლიტიკურ შეფასებას, – განაცხადა ივანიშვილმა. – ის, რაც ნამდვილად ვიცით, ის არის, რომ მომხდარს შეეწირნენ ადამიანები, ახალგაზრდები. ნუთუ არ შეიძლებოდა ამ ამბის მსხვერპლის გარეშე დამთავრება?“
„დანამდვილებით კიდევ ის ვიცით, რომ ჩვენი ხელისუფლება უტიფრად ტყუოდა ლოპოტას ხეობაში ოპერაციის დაწყების პირველივე დღიდან, ტყუოდა, როცა გვიმტკიცებდა, რომ იქ რუსეთიდან გადმოსულ შეიარაღებულ დივერსანტთა რაზმს ებრძოდა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ როგორც კი აღმოჩნდა, რომ ეს ჯგუფი რუსეთიდან არ იყო შემოსული, „იმის მტკიცება დაგვიწყეს, რომ რაზმის არც ერთი წევრი საქართველოს მოქალაქე არ იყო“.
„მე მინდა, რომ ჩვენმა ქისტმა თანამემამულეებმა, დაღუპულების ნათესავემა და ახლობლებმა აუცილებლად იცოდნენ, რომ ამ უბედურებას ჩვენ გამოუძიებელს არ დავტოვებთ, ყველაფერს გავარკვევთ და გპირდებით ყველას, რომ დამნაშავე არ დარჩება დაუსჯელი“, – განაცხადა ივანიშვილმა და აქციის მონაწილეებს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილის გამოხატვისკენ მოუწოდა.
თელავის აქციაზე გამოსვლისას ივანიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება საქართველოს მომავლისთვის.
„არჩევნების დღე ის ერთადერთი დღეა, როდესაც ხელისუფლება მთლიანად ხალხის ხელშია. სწორედ ამ დღეს წყდება ქვეყნის მომავალი, ეს გადამწყვეტი დღეა და თუ ამ დღეს არ გამოვიყენებთ, მეორე დღეს უკვე ყველაფერი გვიან იქნება“, – განაცხადა მან.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით უნდა მოიგოს არჩევნები, რათა ყველაფერი დამატებითი გაჭიანურების გარეშე დასრულდეს და დასძინა, რომ მათ ქუჩაში გასვლა არ უნდა დასჭირდეთ.