პოლიტიკა
ტელედებატები, რომელშიც ივანიშვილი არ მონაწილეობდა

1-debatebii-pooliiti3თბილისი, 11 სექტემბერი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში პირდაპირი სატელევიზიო დებატების დროს ტრიბუნასთან მდგარმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მეტოქე ბიძინა ივანიშვილი არ მონაწილეობდა დებატებში და დასძინა, რომ ეს დებატები გაცილებით საინტერესო იქნებოდა „ქართული ოცნების“ ლიდერის მონაწილეობით.

დებატებში მონაწილეობდნენ „ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, დეპუტატი გიორგი თარგამაძე და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი. საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დებატებში მონაწილეობისთვის ოთხი პოლიტიკური სუბიექტის პრემიერმინისტრობის კანდიდატები მოიწვია. კონსტიტუციის თანახმად, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მთავრობა და პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგნენ და პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალი მთავრობა ან არსებული მთავრობა უნდა წარუდგინოს ახლად არჩეულ პარლამენტს ნდობის მოსაპოვებლად.

ივანიშვილმა, რომელიც დებატების დაწყების დროს თელავში, მისი კოალიციის კამპანიის აქციაზე იმყოფებოდა, თავისი უარი დებატებში მონაწილეობაზე ორი მიზეზით ახსნა – პირველი იყო დებატებში ფსევდოოპოზიციის მონაწილეობა, როგორიც, მისი თქმით, „ქრისტიან-დემოკრატები“ და „ლეიბორისტები“ არიან, ხოლო მეორე მიზეზი ის იყო, რომ ივანიშვილს დებატები მიხეილ სააკაშვილთან სურდა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეა, ან ალტერნატივის სახით, პრემიერ-მინისტრ მერაბიშვილთან იმ პირობით, თუ მმართველი პარტია მას პრემიერმინისტრობის კანდიდატად გამოაცხადებდა არა მხოლოდ ოქტომბრის არჩევნებისთვის, არამედ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, როდესაც ახალი კონსტიტუცია შედის ძალაში და პრემიერ-მინისტრს გაცილებით მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს, ვიდრე მას ახლა აქვს.

სამივე მონაწილეს კითხვები დებატებამდე ორი დღით ადრე მისცეს; ამრიგად მათი პასუხები ოთხი კითხვიდან თითოეულზე, ძირითადად, წინასწარ მომზადებული სამწუთიანი გამოსვლები იყო, რომლის დროსაც უშუალო დებატები, ფაქტობრივად, არ შემდგარა; რამდენიმე გამონაკლისი იყო, როდესაც მონაწილეები ოპონენტების პასუხების შემდეგ ერთწუთიან კომენტარებს აკეთებდნენ.

ძირითადად, ოთხი კითხვის გარშემო წარიმართა დებატები, მათ შორის, იმაზე, თუ როგორ აპირებენ პარტიები უმუშევრობის შემცირებას; როგორ გაანაწილებენ ისინი საბიუჯეტო თანხებს დასახული პრიორიტეტების მიხედვით; როგორი იქნება მათი საგადასახადო და ფისკალური პოლიტიკა და რას ფიქრობენ უსაფრთხოების საკითხებზე, საგარეო პოლიტიკასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე.

ამ გადაცემის ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი შალვა ნათელაშვილს უკავშირდება, რომელმაც თავისი მისასალმებელი სიტყვის დროს ჯიბიდან პინგვინის სურათი ამოიღო და მისი დადება იმ ცარიელ ტრიბუნაზე შესთავაზა, რომელიც ივანიშვილისთვის იყო განსაზღვრული.

ნათელაშვილი, რომლის პარტიის საარჩევნო დევიზია „მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ“, ხშირად უტევს ივანიშვილს, რომელსაც 2008 წელს ლეიბორისტებმა შესთავაზეს, რომ მათი პრემიერმინიტრობის კანდიდატი ყოფილიყო.

„სააკაშვილი ძალადობს, ისე აყალბებს არჩევნებს; ივანიშვილი ყიდულობს; არაფერი განსხვავება არ არის მგელსა და მგლისფერ ტურას შორის, რომელი შეგვჭამს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მერაბიშვილმაც გააკეთა მინიშნება ივანიშვილზე რამდენჯერმე, მათ შორის, თავის მისასალმებელ სიტყვაში, როდესაც მან განაცხადა: „ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერმა უარი განაცხადა დებატებში მონაწილეობაზე“.

„მე ვფიქრობ, რომ გაცილებით საინტერესო იქნებოდა ეს შეხვედრა, რომ ყველა კანდიდატი მოსულიყო აქ. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა პატივისცემა ქართველი ამომრჩევლისა და საქართველოს ტელემაყურებლის წინაშე“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

თავის შემაჯამებელ მიმართვაში პრემიერ-მინისტრმა მერაბიშვილმა განაცხადა: „დღევანდელი დებატები ადასტურებს, რომ საქართველოში არის დემოკრატია. თითოეულ კანდიდატს, თითოეული პარტიის წარმომადგენელს აქვს შესაძლებლობა პირდაპირ მიმართოს საქართველოს მოქალაქეებს, თუმცა, სამწუხაროდ, ეს უფლება ზოგიერთმა ჩვენმა მეგობარმა არ გამოიყენა“.

დებატების დროს პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე გააკეთა მინიშნება ივანიშვილსა და მის „ქართულ ოცნებაზე“, მათ შორის, მაშინ, როდესაც ის საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ დასმულ კითხვას პასუხობდა. მისი თქმით, რუსეთთან კარგი ურთიერთობების დამყარება არ უნდა მოხდეს იმ ყოფილი კორუმპირებული ჩინოვნიკების ხელისუფლებაში დაბრუნების ხარჯზე, რომლებიც ადრე აჭარის ყოფილი ლიდერის, ასლან აბაშიძის, მოკავშირეები იყვნენ – მას მხედველობაში ჰყავდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის რამდენიმე კანდიდატი, რომელთაც აბაშიძის დროს აჭარაში მაღალი თანამდებობები ეკავათ. მისი თქმით, რუსეთი არასდროს მოუტანს საქართველოს თავისუფლებასა და დემოკრატიას.

ნატოში ინტეგრაციაზე საუბრისას „ქართული ოცნება“ კვლავ გახდა პრემიერ-მინისტრის სამიზნე.

„მე წეღან ვახსენე, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს არ აქვს საშუალება, რომ აქ ყოფილიყო, თუმცა მე ვარ დარწმუნებული, რომ მათი სათქმელი ბატონმა შალვამ უკვე ბრძანა“, – განაცხადა მერაბიშვილმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა ნათელაშვილის განცხადება, რომლის თქმითაც, პირველი, რასაც ლეიბორისტული პარტია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გააკეთებს, იქნება ნატოში შესვლაზე უარის თქმა და ავღანეთის სასაკლაოდან ქართველი ბიჭების გამოყვანა.

ივანიშვილმა და მისმა „ქართულმა ოცნებამ“ უკვე რამდენჯერმე განაცხადეს, რომ საქართველოსთვის ნატოში წევრობას ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ხელისუფლება დაჟინებით აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური განცხადებები პოზა უფროა, ვიდრე ივანიშვილის ნამდვილი პოზიცია.

თავის გამოსვლის დროს მერაბიშვილმა, რომელიც ხშირად იყურებოდა წინასწარ მომზადებულ ჩანაწერებში, მთავრობის ოთხწლიან გეგმაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც იმავდროულად მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამაც არის, და რამდენჯერმე აღნიშნა მთავრობის დაპირება თითოეული ოჯახისთვის ოთხი წლის განმავლობაში 1000-ლარიანი ვაუჩერების დარიგების თაობაზე.

მან განაცხადა, რომ უმუშევრობა უდიდესი გამოწვევაა მთავრობისთვის და დასძინა, რომ ხელისუფლებამ უკვე გადადგა კონკრეტული ნაბიჯები ამ პრობლემის მოსაგვარებლად, შექმნა რა დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატი,  რომელიც, მერაბიშვილის თქმით, უკვე არეგისტრირებს უმუშევარ მოქალაქეებს, რათა შემდეგ მათ სამსახურების მოძებნაში დაეხმაროს.

თავის მისასალმებელ სიტყვაში „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის თითქმის ცხრა წლის შემდეგ საქართველოს ჰყავს ერთი მუჭა მილიონერები და ღარიბი ხალხის უდიდესი რაოდენობა.

წინა დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე მერაბიშვილის განცხადებაზე კომენტირებისას, როდესაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „ჩვენი მთავარი ამოცანაა საქართველოს პოლიტიკური რუკიდან წავშალოთ ის დინოზავრები, 90-იანი წლების დინოზავრები, რომელთა აჩრდილები ჯერ კიდევ დადიან თბილისის და საქართველოს ქუჩებში“, თარგამაძემ განაცხადა: „ბატონი ვანო საუბრობდა პოლიტიკურ დინოზავრებზე და ისინი თავად არიან პოლიტიკური ტირანოზავრები; მათ განაჩენს ქართველი ხალხი 1 ოქტომბერს გამოუტანს“.

ნათელაშვილის პასუხები, ძირითადად, პოლიტიკური ლოზუნგების ნაკრებს წარმოადგენდა, კონკრეტიკის გარეშე; მაგალითად, პარტიების საგადასახადო და ფისკალური პოლიტიკის შესახებ დასმულ კითხვაზე  და იმაზე, თუ საიდან მოიტანენ პარტიები თანხებს გაზრდილი სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად, ნათელაშვილმა უპასუხა: „გაზრდილი სოციალური ვალდებულებები საქართველოში დაფინანსდება როგორც კი ხალხზე შეყვარებული ხელისუფლება მოვა არჩევნების გზით. ამას არ სჭირდება რაიმე დიდი ეკონომიკური, ფილოსოფიური და დოგმატური გათვლები; ამისათვის საჭიროა, რომ იმ ბანდიტებს, რომელთაც ხელში ჩაიგდეს მთელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ეს ბერკეტები ავართვათ; სწორედ მათზეა საუბარი ჩვენს წინასაარჩევნო სლოგანში – „მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ“.

იმავე კითხვაზე თარგამაძემ განაცხადა, რომ მისი პარტია იმ ხარჯებს შეამცირებს, რომლებიც ბიუროკრატიის კომფორტისთვის გამოიყენება; მან, ასევე, განაცხადა, რომ მისი პარტია შეამცირებს თავდაცვის და სამართალდამცავი ორგანოების დაფინანსების ხარჯებს 1.6 მილიარდი ლარიდან 1 მილიარდ ლარამდე; თარგამაძის თქმით, „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობა აპირებს საშემოსავლო გადასახადში პროგრესული გადასახადის სისტემის შემოღებას;  გარდა ამისა, გაზრდილი საშემოსავლო გადასახადი დაეკისრება იმ ადამიანებს, რომელთაც ყოველწლიურად 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი აქვთ. მან, ასევე, განაცხადა, რომ მისი პარტიის სხვა პრიორიტეტები ეკონომიკურ ზრდას გამოიწვევს და, საბოლოო ჯამში, ყველა ეს ქმედება საშუალებას მისცემს პარტიას, გამონახოს სახსრები დაპირებული გაზრდილი სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად.

ამავე კითხვაზე პრემიერ-მინისტრმა მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის ოპონენტებს შეუძლიათ თამამი დაპირებები მისცენ ამომრჩევლებს გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლების წყალობით, რაც ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგია. „საქართველოს ბიუჯეტი 15-ჯერ გაიზარდა ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, – განაცხადა მან. – ეს დაპირებები 2003 წელს საზოგადოების თვალში აღქმული იქნებოდა როგორც უტოპია“. შემდეგ მან განაცხადა, რომ მმართველი პარტია აპირებს, თითოეულ ოჯახში დაარიგოს კალენდარი, სადაც ნაჩვენები იქნება კონკრეტული ვადები, თუ როდის აპირებს მთავრობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თითოეული დაპირების შესრულებას.

გადაცემის ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანმა უთხრა მონაწილეებს: „თქვენ მიიღეთ მონაწილეობა ისტორიულ დებატებში, რომელშიც მონაწილეობაზეც უარი განაცხადა ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა. ყველა მონაწილემ დღეს შეძლო დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამოცდის ჩაბარება და თითოეულ თქვენგანს მე გულწრფელად ვულოცავ“.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დებატების ორგანიზება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით განახორციელა.

დებატების შემდეგი რაუნდი 18 სექტემბერს იგეგმება და მასში მონაწილეობას მიიღებენ იმავე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიების პირველი ნომრები – „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში, ეს არის პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე; ასევე, შალვა ნათელაშვილი და გიორგი თარგამაძე, ხოლო „ქართული ოცნების“ შემთხვევაში ეს იქნება ყოფილი ფეხბურთელი კახი კალაძე.