თბილისი, 11 სექტემბერი, საქინფორმი. კახა კუკავას თქმით, „თავისუფალი საქართველო“ ძირითადი რეალური ოპოზიციური ძალების ერთიანობისთვის ყველაფერს აკეთებს, რაც 1 ოქტომბერს არსებული ხელისუფლების დამარცხების ერთადერთ წინაპირობას წარმოადგენს. ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა რუსთავის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
კუკავამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პარტიამ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა 8 საარჩევნო ოლქში. პარტიის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ „თავისუფალი საქართველოს“ მხრიდან გადადგმულ ცალმხრივ ნაბიჯებს აუცილებლად მოჰყვება შემხვედრი ნაბიჯები.პარტიის თავმჯდომარემ „თავისუფალი საქართველოს“ პროგრამის პრიორიტეტებსა და რუსეთის ბაზრის დაბრუნების პერსპექტივებზეც ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში უკვე იყიდება ქართული წარმოების უალკოჰოლო სასმელები, რაც „თავისუფალი საქართველოს“ მრავალთვიანი მუშაობის შედეგია.
კუკავამ, ასევე, აღნიშნა, რომ თუ წლის ბოლომდე პარტიას საქართველოს პარლამენტში წარმომადგენლობა ეყოლება, რუსულ ბაზარზე ქართული სპირტიანი სასმელების, ხილის, ჩაისა და ციტრუსის დაბრუნება შესაძლებელი გახდება.
რუსთავის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ პარტიის ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი, „ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერი და კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი აკაკი ასათიანი, საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი თემურ ქორიძე და პარტიის ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.