სამართალი
მაია მერედოვა საქართველოს ბიზნესომბუდსმენია

1-meredova-sammartaa3თბილისი, 10 სექტემბერი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის ბრძანებით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ბიზნესომბუდსმენად მაია მერედოვა დაინიშნა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მაია მერედოვა 2006 წლიდან „პროკრედიტ ბანკ საქართველოში“ მუშაობს, 2010-2012 წლებში იყო „პროკრედიტ ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორი, 2004-2005 წლებში – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კონსულტანტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში, ხოლო 2002-2004 წლებში მუშაობდა ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის კონსულტანტად კერძო და საფინანსო სექტორის განვითარების სფეროში.

2000-2002 წლებში მაია მერედოვას დამთავრებული აქვს ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო ეკონომიკის მაგისტრატურა, ხოლო 1997-2000 წლებში დიდი ბრიტანეთის დურჰემის ბიზნესსკოლის ბაკალავრიატი. მაია მერედოვა დაოჯახებულია და ჰყავს ერთი შვილი.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე მაია მერედოვამ გიორგი პერტაია შეცვალა.