სამართალი
შსს: „ლოპოტას ხეობაში შეიარაღებული ჯგუფის წევრი დააკავეს“

1-lopot-samaaaa1თბილისი, 10 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ლოპოტას ხეობაში იმ შეიარაღებული დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი დააკავა, რომელთანაც 29 აგვისტოს მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ამ ჯგუფის 11 წევრი და ქართული სპეცსამსახურების სამი წარმომადგენელი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ  დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან ახმეტ ჩატაევი.

„დაკავებული იყო დაჭრილი, მას გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა შსს-მ მოკლე განცხადებაში, სადაც არ აკონკრეტებს, თუ როდის იქნა დაკავებული ჩატაევი.

განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ლოპოტას ხეობაში ძებნის ღონისძიებას.

30 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერაციის მთავარი ფაზის დასრულების შესახებ აღნიშნა, რომ შეიარაღებული დაჯგუფების რამდენიმე დაჭრილი წევრი შესაძლოა კვლავ იმალებოდეს ხეობაში, რომელთა ძებნასაც განაგრძობდა.