თბილისი, 10 სექტემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტმა სააკაშვილმა თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის დასკვნით შეკრებაზე განაცხადა, რომ მმართველი პარტიის მიერ 8 სექტემბერს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საქართველოს 11 ქალაქში ორგანიზებულმა ყველაზე მასშტაბურმა აქციამ საქართველოს ისტორიაში ჩაშალა ძალიან დიდი პროვოკაცია, რომელსაც ჩვენი მტერი გეგმავდა.
„დღეს ჩვენი ხალხი გამოვიდა და ძალიან დიდი რამე გააკეთა, – მიმართა მან სპორტის სასახლეში მხარდამჭერებს, – ეს ხალხი გამოვიდა, ჩვენი ხალხი იმისათვის, რომ ჩაეშალა ძალიან დიდი პროვოკაცია, რომელიც მზადდებოდა“.„ამ პროვოკაციას ჰქონდა სამხედრო ელემენტი, – განაგრძო მან. – რამდენიმე დღის წინ ჩვენმა პოლიციამ, ჩვენმა თავდაცვის სამინისტრომ აღკვეთეს ლოპოტას ხეობაში ძალიან საშიში სამხედრო პროვოკაცია და ჩვენი ოპონენტები, რომლებიც დღეს ცრემლებს აღვარღვარებენ ტერორისტების ბედზე და ერთი ხმა არ ამოუღიათ ჩვენს დაღუპულ მებრძოლებზე, მათ კარგად იცოდნენ, რისთვის იყო ეს პროვოკაცია; რისთვის იყო ის ფაციფუცი, რაც იყო არჩევნებისთვის“.
„რუსეთმა შემოყარა 2 მლრდ დოლარი გაზაფხულზე საქართველოს არჩევნების დასაფინანსებლად, მათი კანდიდატის დასაფინანსებლად. გათვლა იყო ძალიან მარტივი: არჩევნებზე გაურკვევლობა, ბევრი უცხოური პრესა უნდა მოისყიდო, შექმნა ბევრი ჭორი, შექმნა არეულობა არჩევნების შემდეგ, ქართველი ხალხი აჩვენო როგორც გაყოფილი და დაქსაქსული და შემდეგ იმ პირობებში, როცა რუსეთმა სამხედრო მანევრები გადაიტანა ჩვენი არჩევნებისთვის, მისცე მათ საბაბი, ჩვენი შიდა არეულობა და გათიშულობა გამოეყენებინათ მათი მზაკვრული გეგმების განსახორციელებლად“, – განაცხადა მან.
მკითხველს შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს მხედველობაში ჰქონდა რუსეთის მიერ 17-23 სექტემბერს დაგეგმილი სამხედრო წვრთნები „კავკაზ 2012“, რომლის შესახებ, სულ ცოტა, დეკემბრიდან არის ცნობილი. საქართველოს კონსტიტუციით საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ოქტომბერშია გათვალისწინებული, თუმცა არჩევნების კონკრეტული თარიღის დანიშვნა პრეზიდენტის პრეროგატივაა. აგვისტოში საპარლამენტო არჩევნების დღედ 1 ოქტომბერი გამოცხადდა.
„დღეს ქართველმა ერმა აჩვენა, რომ ის დაქსაქსული კი არა, ერთიანია როგორც არასდროს და ამიტომ ჩვენი მტრის გეგმა ჩავარდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სპორტის სასახლეში გამოსვლამდე პრეზიდენტმა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეცაა, საქართველოს კიდევ შვიდ ქალაქში – ზუგდიდში, ოზურგეთში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, თელავსა და რუსთავში – მიმართა სიტყვით ღია ცის ქვეშ შეკრებილ მრავალრიცხოვან მხარდამჭერს.
მცხეთასა და ამბროლაურში პარტიულ ყრილობას პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე გაუძღვა, ხოლო ახალციხეში – პრემიერ-მინისტრი – ვანო მერაბიშვილი. თითოეულ ქალაქში სიტყვით გამოვიდნენ ადგილობრივი მაჟორიტარი კანდიდატებიც. აქციების ფარგლებში გათვალისწინებული იყო საკონცერტო პროგრამებიც.
მმართველი პარტიის თითქმის ყველა წარმომადგენლის გამოსვლაში მთავარი გზავნილი იყო: „ქართველ ხალხს არ სურს წარსულში დაბრუნება!“
ხელისუფლების მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული შეტევის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია იმის მტკიცება, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერის ხელისუფლებაში მოსვლა ქვეყნის წარსულში დაბრუნებას გამოიწვევს.
სპორტის სასახლეში გამოსვლისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან დღის განმავლობაში ასობით ათას მხარდამჭერს მიმართა: „ნუ დამძრახავთ, თუ ხმა ცოტა დამჯდარი მაქვს. ჩემი ხმის ჩაგდებას ვერავინ ვერ ეღირსება, ყოველთვის ვიტყვი ჩემს სიტყვას“, – განაცხადა მან.
მთელი დღის განმავლობაში თავის გამოსვლებში მიხეილ სააკაშვილს, ტრადიციულად, არ უხსენებია ბიძინა ივანიშვილის სახელი, თუმცა ყველა მისი გამოსვლა, ძირითადად, მთავარი ოპონენტის კრიტიკაზე იყო აგებული.
გამოიყენა რა გაზეთ „Independent“-ში მილიარდერ ოპოზიციონერზე 8 სექტემბერს გამოქვეყნებული ვრცელი სტატიიდან ციტატა, სააკაშვილმა განაცხადა: „დღეს ერთ-ერთმა კანდიდატმა განაცხადა უტიფრად უცხოურ პრესასთან ინტერვიუში – „მე ეს რომ გამეკეთებინა, პუტინი თავს მომაძრობდაო, საქართველოში რაღაც, რომ მექნაო, პუტინი დედას მიტირებდაო“. ე.ი. ჩვენ გვყავს კანდიდატი, რომელიც იძახის, რომ პუტინი წყვეტს საქართველოში, ვინ რა უნდა გააკეთოს“.
სააკაშვილი გულისხმობდა „Independent“-თვის ივანიშვილის ნათქვამს იმის შესახებ, რომ როცა მას სააკაშვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მას ფარულად ხვდებოდა ხოლმე, რათა რუსეთის ხელმძღვანელობას ამის შესახებ არ შეეტყო. „თუ პუტინი გაიგებდა, რომ მე მას ვხვდებოდი, რუსეთში ჩემს ბიზნესს მომდევნო დღეს ბოლო მოეღებოდა“, – ამგვარად არის ციტირებული ივანიშვილი „Independent“-ის მიერ.
სააკაშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ არიან ძალები, რომლებიც აშკარად აპირებენ ქართული დემოკრატიის დისკრედიტაციას.
„ისინი ამისთვის არ იშურებენ ასობით მილიონ დოლარს, – განაცხადა მან. – მათი ერთადერთი მიზანია, არ აღიარონ არჩევნების შედეგები, არ დაეთანხმონ ჩვენი საზოგადოების დემოკრატიულ ნებას, არიონ სიტუაცია დესტრუქციისა და ესკალაციის გზით არჩევნების შემდეგ“.
„დღეს მე ხშირად მესმის შეშფოთებული კითხვა სხვადასხვა ადამიანისგან „რა იქნება არჩევნების შემდეგ?..“ მე გეტყვით, რა იქნება არჩევნების შემდეგ: არჩევნების შემდეგ იქნება ის, რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მეტ სარგებელს ქვეყნისაგან, არჩევნების შემდეგ დაიწყება ჯანდაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამა... აქტიურად ამუშავდება დასაქმების სამინისტრო... ჩვენ დავარიგებთ 1000-ლარიან ვაუჩერებს, შევქმნით სოფლის მეურნეობის ტექნიკას“, – განაცხადა მან.
„არავის არ მიეცემა სიტუაციის არევის და საქართველოს წინსვლის შეჩერების უფლება იმიტომ, რომ ამ არჩევნებში საქართველოს ხალხი აირჩევს მომავალს, წარსულის ნაცვლად... იმიტომ, რომ აირჩევს პარტიას, რომელსაც ბოლომდე აქვს მიყვანილი და მისაყვანი საქმე, იმიტომ, რომ აირჩევს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, – რაც, სააკაშვილის თქმით, ერთადერთი სწორი არჩევანია.
„ჩვენ გავიმარჯვებთ!“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, მმართველი პარტია არის ახალგაზრდული პარტია და ჩვენ ხელისუფლება მუმიებს კი არ უნდა გადავაბაროთ, თქვენ უნდა გადმოგაბაროთ, ჩემო ახალგაზრდა დებო და ძმებო.
სააკაშვილმა, ასევე, განაცხადა: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაარსების დღიდან ხალხისგან მიღებული უამრავი დავალება შეასრულა, მათ შორის, ქვეყანა გაათავისუფლა შევარდნაძის კორუმპირებული კლანისგან, აჭარის ყოფილი ლიდერის – ასლანისგან, დაასრულა ბიუჯეტის სეკვესტრების ეპოქა, სიბნელის და უშუქობის 15-წლიანი ტანჯვა, დაამარცხა კრიმინალი და კორუფცია და დაიწყო შენება, თუმცა ჩვენ ბევრი დავალება გვაქვს კიდევ შესასრულებელი“.
„მთავარი არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, – განაგრძო მან. – ეს არის იმპერიის ბოლო გაბრძოლება საბჭოთა კავშირის აღდგენის მიზნით. ჯერაც ოკუპაციის, სრული უუფლებობის, კრიმინალების და კორუფციის ჭაობში უხდებათ ჩვენს ძმებს ცხოვრება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში. მაგრამ ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას დღეს ისეთი მხარდაჭერა აქვს, როგორც არასდროს მსოფლიოს მასშტაბით და ჩვენ აუცილებლად ბოლომდე გავათავისუფლებთ ჩვენს ქვეყანას. საქართველო იქნება თავისუფალი და მთლიანი!“
სააკაშვილის ამ გამოსვლამდე სპორტის სასახლეში შეკრებილებს მიმართეს „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებმა: დავით ბაქრაძემ, ვანო მერაბიშვილმა და თბილისის მერმა გიგი უგულავამ.
ტერიტორიული მთლიანობის თემა თავის გამოსვლაში ვანო მერაბიშვილმაც წამოწია.
„მინდა, ამ ტრიბუნიდან თქვენი სახელით მივესალმო ჩვეულებრივ აფხაზ და ჩვეულებრივ ოსს და ვუთხრა მათ, რომ მათი მომავალი, სადაც ისინი იქნებიან პიროვნულად თავისუფლები; მომავალი, სადაც ისინი თავისუფლები იქნებიან კრიმინალისაგან; მომავალი, სადაც ისინი თავისუფალი იქნებიან კორუფციისაგან; მომავალი, სადაც მათ ექნებათ ხარისხიანი ჯანდაცვა, მაღალი განათლება; მომავალი, როცა მათ ექნებათ ხიდი ევროპაში, დასავლეთ ცივილიზაციაში და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათი მომავალი, სადაც ისინი შეინარჩუნებენ თავიანთ თვითმყოფადობას და კულტურას – მათი მომავლის გზა გადის ერთიან საქართველოში და ჩვენ, ქართველები, მზად ვართ, ხელი გავუწოდოთ მათ და ვუთხრათ: ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ, ამოხვიდეთ იმ სიბნელიდან, რომელშიც თქვენ დღეს ბრძანდებით!“, – განაცხადა მან.
მერაბიშვილმა, რომელმაც, ძირითადად, ისაუბრა სამთავრობო პროგრამაზე სახელმწოდებით „მეტი სარგებელი ხალხს“, ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი ამოცანაა, რათა არ დავუშვათ ჩვენი დაბრუნება 90-იან წლებში.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა საქართველოს პოლიტიკური რუკიდან წავშალოთ ის დინოზავრები, 90-იანი წლების დინოზავრები, რომელთა აჩრდილები ჯერ კიდევ დადიან თბილისის და საქართველოს ქუჩებში. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ის დინოზავრები ქართულ პოლიტიკურ არეალში“, – განაცხადა მან.
გიგი უგულავამ, რომელიც გამომსვლელთა შორის ყველაზე მეტი ემოციურობით გამოირჩეოდა, განაცხადა, რომ საქართველოს მომავლის წინაშე ღალატის ტოლფასი იქნება, თუ წარსულის აჩრდილები შეგვაცდენენ არჩევნებში. „დარწმუნებული ვარ, ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტი აუცილებლად გაუძლებს ამ ცდუნებას“, – დასძინა მან.
მისი თქმით, პოლიტიკური ოპონენტები ფიქრობენ, ფულით იყიდონ ყველაფერი, მათ შორის, ის, რაც არ იყიდება – იყიდონ იმედი და ოცნება. „მათ მინდა, ვუთხრა, რომ იმედი და ოცნება მომავლის ხედვაშია და არა წარსულის დაბრუნებაში“, – განაცხადა თბილისის მერმა.
„ჩვენი პროგრამა არის მკაფიო და გასაგები – არასოდეს დავბრუნდეთ წარსულში. არ დავუშვათ აშენებულის დანგრევა, არასოდეს დავუჩოქოთ მტერს და მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენ ხალხს“, – განაცხადა უგულავამ.
საქინფორმისგან: „მუმიები, წარსულის აჩრდილები, დინოზავრები“ - ასეთი სიტყვებით მონათლეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პრემიერობის კანდიდატმა „ნაცმოძრაობიდან“ და დედაქალაქის მერმა ყველა სხვაგვარად მოაზროვნე, არა „ნაციონალი“, ხაზი გაუსვეს რა, რომ საქართველოში არსებობს კლასი, რომელიც განადგურებას ექვემდებარება...
„ნაცმოძრაობის“ მასშტაბურმა აქციებმა საპარლამენტო არჩევნების წინ საკმაოდ დამთრგუნველი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს დანარჩენ მოსახლეობაზე და ხალხს რამდენიმე შეკითხვა გაუჩნდა, მაგალითად:
1) სააკაშვილი, ბაქრაძე, მერაბიშვილი და უგულავა, შესაბამისად, მთელი საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერობის კანდიდატი, პრემიერი და თბილისის მერი არიან, თუ მხოლოდ „ნაცმოძრაობის“? თუ პირველის, მაშინ რატომ არიან მათთვის ასე საძულველი და მიუღებელი დანარჩენი მოქალაქეები – სხვადასხვა ოპოზიციური ძალის მხარდამჭერები?
2) თუ მმართველი პარტია მათი როგორც კლასის განადგურებას აპირებს, მთავარი ოპოზიციონერი – ბიძინა ივანიშვილი – რატომ არ აძლევს მათ დაცვის გარანტიებს? რატომ აცხადებს მხოლოდ, რომ „ყველაფერი კარგად იქნება!“?
3) რისი იმედი აქვს ივანიშვილს, როდესაც მიდის არჩევნებზე, სადაც უკვე გაყალბებულია ამომრჩეველთა ერთიანი სია, ხოლო ცესკოს თავმჯდომარე ცნობილი ფალსიფიკატორია, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გააყალბა?
4) რატომ წაართვეს ხმის უფლება რუსეთის ფედერაციაში მყოფ მილიონობით საქართველოს მოქალაქეს და რატომ არ ამოიღო ამაზე ხმა ივანიშვილმა?
და სხვა, დამეთანხმებით, პატივცემულო მკითხველო, ლოგიკური შეკითხვები...