პოლიტიკა
NDI: 37% – „ნაცმოძრაობას“, 12% – „ქართულ ოცნებას“

1-NDI-pollittikaa3თბილისი, 10 სექტემბერი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა  (NDI) პოლიტიკური პარტიების რეიტინგი გამოაქვეყნა. პარტიების რეიტინგების ნაწილში კვლევის შედეგები „NDI“-მ მედიას სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გააცნო.

როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, პირველად ამ სოციოლოგიური კვლევის შედეგები ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა 5 სექტემბერს გამოაქვეყნა. მაშინ „NDI“-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ განაცხადა: „კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 3/4-ს „ქართული ოცნების“ გეგმების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ასევე, ნახევარმა არ იცის ხელისუფლების გეგმების შესახებაც“. აქედან გამომდინარე, ნავარომ ორივე მხარეს მოუწოდა, უფრო მეტი ისაუბრონ ხალხთან და გააცნონ, რას აპირებენ მომავალში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აგვისტოს დასაწყისში პარტიული რეიტინგით სამჯერ უსწრებდა მის მთავარ პოლიტიკურ მეტოქე ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურ კოალიცია „ქართული ოცნებას“, –  ნათქვამია კვლევაში, რომელიც აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ამჟამად გამოაქვეყნა.

გამოკითხულ რესპონდენტთა იმ 77%-დან, ვინც აცხადებს, რომ მონაწილეობას მიიღებს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, 37% მმართველ პარტიას უჭერს მხარს, ხოლო 12% – „ქართულ ოცნებას“.

ივნისში ჩატარებულ ანალოგიურ კვლევასთან შედარებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი ერთი პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი მაშინ, როცა კვლევის ცდომილების ზღვარი +-3%-ია; ხოლო „ქართული ოცნების“ მხარდაჭერამ 18%-დან ექვსი პროცენტული პუნქტით დაიკლო.

რესპონდენტთა 43%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია ან უარს აცხადებს პასუხზე, თუ ვის მისცემს ხმას.

ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2 038 რესპონდენტის პირისპირი ინტერვიუს გზით კვლევის მიხედვით, ვერცერთმა სხვა პარტიამ 5%-იანი საპარლამენტო ბარიერი ვერ

„ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“, რომელიც ამჟამინდელი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი პარტიაა, კვლევის თანახმად, 3% მიიღო, რაც ივნისსა და თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის ანალოგიური მაჩვენებელია.

ივნისის შემდეგ ერთი პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 2% შეადგინა იმ გამოკითხულთა რაოდენობამ, რომელიც „სხვა ოპოზიციას“ უჭერს მხარს. 3% აცხადებს, რომ არცერთ პარტიას არ აძლევს ხმას.

NDI იკვლევდა ცალკეული პოლიტიკოსის პოპულარობის მაჩვენებლებსაც. კვლევის ამ კომპონენტმა აჩვენა, რომ ივნისთან შედარებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უმეტესობის რეიტინგები შემცირებული ან იგივეა აგვისტოშიც, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა პოპულარობა გაზრდილი ან შენარჩუნებულია.

პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პოლიტიკოსთა რეიტინგებში პირველ ადგილზე გადაინაცვლა 62%-ით. ივნისში, მის გაპრემიერებამდე  ჩატარებული კვლევის დროს, როცა ის ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მერაბიშვილი გამოკითხულთა 55%-ს მოსწონდა და მესამე იყო გიგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილის შემდეგ.

აგვისტოს კვლევაში მიხეილ სააკაშვილი მეორე ადგილზეა 61%-ით (ივნისში – 58%); მას მოსდევს გიგი უგულავა 58%-ით (ივნისში – 60 %); პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი, 55%-ით (ივნისში – 53%) და „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერი გიორგი თარგამაძე 49%-ით (ივნისში – 50 %).

ბიძინა ივანიშვილის პოპულარობა ივნისთან შედარებით 7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და აგვისტოში 39% შეადგინა. თებერვალში ივანიშვილი გამოკითხულთა 40%-ს მოსწონდა.