თბილისი, 10 სექტემბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის – ირაკლი ღარიბაშვილის, შეფასებით, თელავში გამართულ აქციაზე მოსალოდნელზე ორჯერ მეტი ხალხი მივიდა.
როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აქციაზე 30-35 ათასამდე ადამიანი იყო შეკრებილი.„ამ აქციაზე იმაზე ორჯერ მეტი ადამიანი მოვიდა, ვიდრე ველოდებოდით. მოედანზე ვერ ვტევდით. მინდა, ეს აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას შევადარო. აქ საუბრობენ იმაზე, რომ მათ, დაახლოებით, 8 ათასი ადამიანი ძალით მიიყვანეს აქციაზე, აქ კი 30 ათასი ადამიანი თავისი სურვილით მოვიდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ აქციის მსვლელობისას არავითარ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.
„ყველაფერმა მშვიდად და ამაღელვებლად ჩაიარა, ისე, როგორც სხვა დანარჩენმა აქციებმა. ჩემი აზრით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი აქციები აბსოლუტურად მშვიდობიანია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, არჩევნების დღეს ხელისუფლება მთლიანად ხალხის ხელშია, ამიტომაც ხალხს გონივრული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.
როგორც თელავში გამართულ აქციზე სიტყვით გამოსვლისას ივანიშვილმა განაცხადა, ვისაც უნდა, რომ „სამართალმა პური ჭამოს“, ხმა უნდა მისცეს „ქართულ ოცნებას“.
„გვწამს და მტკიცედ გვჯერა, რომ არჩევნებში გავიმარჯვებთ. 1 ოქტომბერს ქვეყნის ბედი გადაწყდება და ხელისუფლება მთლიანად ხალხის ხელში იქნება“, – განაცხადა ივანიშვილმა.