აქტუალური
თბილისი, 7 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს აშშ-ის კონგრესში მტკიცე მხარდაჭერა აქვს. ამის შესახებ სენატორმა ლინდსი გრემმა აშშ-ის საელჩოში გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე კვირის წინ ავღანეთში იმყოფებოდა, სადაც ქართველ სამხედროებს შეხვდა. „მათი დანაკარგი 21-მდეა. პატარა ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი დანაკარგია. ჩვენი სამხედრო ლიდერები აღმატებულად საუბრობენ თქვენს ჯარისკაცებზე. მადლობა ღმერთს, რომ ებრძვით ექსტრემიზმს, თუნდაც ასე შორს“, – აღნიშნა სენატორმა.მისივე თქმით, მომავალი არჩევნები საქართველოსთვის გადამწყვეტია. „დემოკრატია ამ ქვეყანაში მუშაობს, რადგან ვისაც შევხვდით, ერთმანეთზე ყველა საჩივარს ამბობს, თავი აშშ-ში მეგონა. არ ვიცი, რა გამოვა აქედან, მაგრამ ყველას მოგიწოდებთ, მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ეს არის შესაძლებლობა, რომ აირჩიოთ საკუთარი ხელმძღვანელობა. ეს ისეთი რამ არის, რაზეც ბევრ სხვა ქვეყანაში ოცნებობენ.
გაგიმხელთ ჩემს სურვილსაც, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო ერთ დღეს ნატოს წევრი გახდეს. თქვენ ამას იმსახურებთ“, – აღნიშნა ლინდსი გრემმა.