ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შეიარაღებული ძალების 32-ე და 12-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონები მიემგზავრებიან. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში „ISAF“-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას.
ისინი ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად 6 თვის განმავლობაში სრული სპექტრის ოპერაციებს განახორციელებენ. ქართველი სამხედროების ამოცანას ტერორიზმთან ბრძოლა, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობა წარმოადგენს. ქართულმა ბატალიონებმა მისიისათვის სპეციალური მომზადება გაიარეს. ექვსი თვის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ჯარების საექსპედიციო ბრიგადის ხელმძღვანელობით მათ ინტენსიური მომზადება კრწანისის სასწავლო ცენტრში გაიარეს. საქართველოს შემდეგ სამხედროები გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში, აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) მომზადდნენ.
როგორც იტყობინებოდა საქინფორმი, ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში რასმუსენი თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის ფარგლებში დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს შეხვდა და სიტყვით გამოვიდა.