პოლიტიკა
აშშ საქართველოს თავდაცვითი იარაღით უზრუნველყოფს

1-liberm-poliii3თბილისი, 7 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკის სენატორ ჯოზეფ ლიბერმანის განცხადებით, ამერიკის სენატორები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობისთვის თავდაცვითი იარაღი ხელმისაწვდომი გახდეს.

ამის შესახებ ლიბერმანმა სენატორებთან – ჯონ მაკეინსა და ლინდსი გრემისთან –  ერთად აშშ-ის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, თავდაცვითი იარაღი საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების დაცვის შესაძლებლობას მისცემს.

ლიბერმანმა თავის გამოსვლაში მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკა საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენი ვიზიტის მიზანი არა რომელიმე კანდიდატის გვერდში დგომა, არამედ დემოკრატიის მხარდაჭერაა. აქ ვართ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას ხელს შეუწყობს“, – აღნიშნა ლიბერმანმა.