პოლიტიკა
საქართველო მზადაა, ავღანეთში 2014 წლის შემდეგაც დარჩეს

1-rasmus-polittik2თბილისი, 7 სექტემბერი, საქინფორმი. ნატოს განცხადებით,საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ მას შემდეგაც განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა ავღანეთში ნატოს მისიაში ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მომზადების გზით, რაც უცხოური შეიარაღებული ძალები 2014 წელს ქვეყანას დატოვებენ“.

„ISAF“-ის მისია 2014 წლის ბოლოს დასრულდება, თუმცა ჩვენ ამ ვადის შემდეგაც განვაგრძობთ ავღანეთის უსაფრთოების ძალების მხარდაჭერას“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისში გუშინ, 6 სექტემბერს, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ ნატოს ხელმძღვანელობით ახალი მისიის მომზადება და ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველო მზად არის, მისი ნაწილი გახდეს“, – განაცხადა რასმუსენმა, რომელიც საქართველოს სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში სტუმრობს.

რასმუსენის ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ პრესრელიზში ნატომ განაცხადა, რომ თბილისი გაწვრთნის, რჩევებს მისცემს და დაეხმარება ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს ნატოს 2014 წლის შემდგომი მისიის ფარგლებში. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შარშან საქართველომ 11 სამხედრო ინსტრუქტორი გაგზავნა ყანდაღარში, რომლებიც ავღანურ ძალებს საარტილერიო წვრთნებში ეხმარებიან.

მას შემდეგ, რაც საქართველო დამატებით სამხედროებს გაგზავნის ავღანეთში შემოდგომაზე, ქვეყანა ნატოს ის არაწევრი სახელმწიფო გახდება, რომელსაც ყველაზე მეტი კონტინგენტი ეყოლება ავღანეთში.

რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატო მადლიერია საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილისთვის ავღანეთის მისიაში.