თბილისი, 6 სექტემბერი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება დაადანაშაულა იმაში, რომ მისთვის ჩვეული სულსწრაფობით მოიქცა ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარების დროს.
ქართული სპეცსამსახურების სამი წარმომადგენელი, მათ შორის, ერთი სამხედრო ექიმი და შეიარაღებული ჯგუფის 11 წევრი დაიღუპა 29 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის სიახლოვეს მომხდარი შეტაკების დროს.მას შემდეგ, რაც მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციას პანკისის ხეობის რამდენიმე მკვიდრი ემსხვერპლა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა, შეეცვალა თავისი თავდაპირველი განცხადება, რომ მოკლულ მებრძოლთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ და 3 სექტემბერს დაადასტურა, რომ ორი მოკლული მებრძოლი საქართველოს მოქალაქე იყო. მან, ასევე, განაცხადა, რომ დანარჩენი ხუთი, რომელთა ცხედრების იდენტიფიცირებაც მოხდა, რუსეთის მოქალაქე იყო, კერძოდ, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მკვიდრები.
სამშაბათს, საღამოს, გავრცელებულ განცხადებაში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაგმო ხელისუფლების „დანაშაულებრივად უპასუხისმგებლო საინფორმაციო პოლიტიკა“.
„სრულიად აშკარაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე დღის განმავლობაში უმალავდა საკუთარ მოსახლეობას სოფელ ლაფანყურთან ლიკვიდირებული ადამიანების ვინაობას და ურცხვად ტყუოდა, თითქოს მათ შორის არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები“, – ნათქვამია განცხადებაში.
„იმავდროულად, ვრცელდება შემაძრწუნებელი დეტალები დაღუპული თანამოქალაქეების ნათესავებზე მორალური ზეწოლისა და გარდაცვლილთა ნეშტებით მათთან პირდაპირი ვაჭრობის თაობაზე“, – აცხადებს „ქართული ოცნება“, რომელიც პანკისის ხეობიდან გავრცელებულ ინფორმაციას გულისხმობს, რომლის თანახმადაც, ხელისუფლება ცდილობდა, აღეკვეთა ინფორმაციის გაჟონვა მედიასაშუალებებში და ეუბნებოდა ადგილობრივებს, რომ სპეცოპერაციის დროს დაღუპულები ჩუმად, ჟურნალისტების დასწრების გარეშე, დაეკრძალათ.
„ასეთი დამოკიდებულება ბუნებრივად იწვევს საზოგადოების სამართლიან გაღიზიანებას და აძლიერებს ეჭვებს ისედაც ნდობადაკარგული ხელისუფლების მიმართ. როგორც ჩანს, პრეზიდენტ სააკაშვილს აწყობს, მუდმივად ამყოფოს საზოგადოება განსაცდელის მოლოდინის მდგომარეობაში და ამ გზით დათრგუნოს მოქალაქეთა თავისუფალი ნება“, – ნათქვამია განცხადებაში.
„გარდა ამისა, იმ მწირი და წინააღმდეგობრივი ინფორმაციითაც კი, რასაც ხელისუფლება ავრცელებს, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ შემთხვევაშიც ხელისუფლება მისთვის ჩვეული სულსწრაფობით მოიქცა და სპეციალური ოპერაცია დაიწყო იმ ვითარებაში, როცა სრულად არ იყო ამოწურული მოლაპარაკების რესურსი და რჩებოდა მსხვერპლის თავიდან აცილების თუნდაც მინიმალური შანსი“, – განაცხადა „ქართულმა ოცნებამ“.
„ამავე დროს, მივმართავთ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მეგობარ ქვეყნებს, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში, გააძლიერონ ყურადღება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ინტენსიური გახადონ კონსულტაციები პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სიღრმისეული განხილვის საგნად აქციონ ლოპოტის ხეობაში განვითარებული მოვლენები“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ორი მოქალაქე, 22 წლის ასლან მარგოშვილი, 26 წლის ბაჰაუდინ ქავთარაშვილი და 26 წლის რუსეთის მოქალაქე ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე თავის ნათესავებს სტუმრობდა პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში 3-4 სექტემბერს დაკრძალეს.
პანკისის ხეობიდან, ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ არა მხოლოდ ეს სამი მამაკაცი, არამედ, შსს-ის მიერ იდენტიფიცირებული კიდევ ოთხი სხვა მამაკაცი იმყოფებოდა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციამდე, სულ ცოტა, რამდენიმე დღით ადრე. ამგვარი ინფორმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თავდაპირველ ვარაუდებს იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულ ძალებთან შეტაკებამდე შეიარაღებული ჯგუფის წევრები, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „დივერსანტთა ჯგუფი“ უწოდა, საქართველოს ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კავკასიიდან საზღვრის კვეთის შედეგად მოხვდნენ. მართალია, საქართველოს ხელისუფლებამ პირდაპირ არ განაცხადა, რომ შეიარაღებული ჯგუფი ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოვიდა ქართულ ძალებთან შეტაკებამდე, მაგრამ მათი საჯარო განცხადებები სწორედ ჩრდილოეთ კავკასიიდან, კერძოდ კი, დაღესტნიდან, მათი შემოსვლის ვერსიას ამყარებდა.