სამართალი
არასამთავრობოები ემიგრანტ საქართველოს მოქალაქეთათვის ხმის მიცემის საშუალებას ითხოვენ

1-kakab-samarrta1თბილისი, 6 სექტემბერი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის არჩევნების თარიღის შეცვლა მოითხოვეს. მოთხოვნის ერთ-ერთი ხელმომწერი ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ საზღვარგარეთ არჩევნები არასამუშაო დღეს უნდა ჩატარდეს, რადგან, საქართველოსგან განსხვავებით, იქ 1 ოქტომბერი უქმე დღედ არაა გამოცხადებული.

კაკაბაძის თქმით, ცესკოს კანონის საფუძველზე მიმართეს. „საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად, გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონთ დადგენილი გარკვეული მოთხოვნის შესრულება ან ვადების დაცვა, ცესკო უფლებამოსილია, დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების ვადები. როგორც სამხედრო პირებისთვის დაინიშნა არჩევნებისთვის სხვა დღე, ასევე ვითხოვთ უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის გამონაკლისის დაშვებას“, – ამბობს ნანა კაკაბაძე.

კაკაბაძე ცესკოს სპიკერ ეკა აზარაშვილის პასუხსაც გამოეხმაურა. „ჩვენ ვითხოვთ არა საარჩევნო ვადების შეცვლას, არამედ კანონით განსაზღვრული გამონაკლისის დაშვებას“, – ამბობს კაკაბაძე.

აზარაშვილის განცხადებით კი, არჩევნების თარიღს ნიშნავს პრეზიდენტი და ის განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით.

„ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია არჩევნების თარიღის გადაწევა ან გადმოწევა. ეს ჩვენს ნებაზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, არჩევნების თარიღის შეცვლა, უცხოეთში იქნება ეს, თუ საქართველოში, ვერ მოხდება და კანონით განსაზღვრულ პირველ ოქტომბერს ჩატარდება“, – ამბობს აზარაშვილი.