თბილისი, 6 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, გუშინ ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევა თემაზე „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ აგვისტოში ჩატარდა. NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 31 ივლისიდან 12 აგვისტომდე პერიოდს მოიცავდა.
პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით 2038 რესპონდენტი გამოიკითხა. პრეზენტაციაზე, რომელიც სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა, მხოლოდ მედიასაშუალებები იყვნენ მიწვეული.„NDI“-ს კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).
კვლევის შედეგებს, რომელიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებსაც მოიცავს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს.
„NDI“-ს მიერ გამოქვეყნებული ბოლო კვლევის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენა შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა იყო.
რესპონდენტთა 63% ეთანხმება ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნაზე მიღებულ გადაწყვეტილებას; 16% არ ეთანხმება, ხოლო 18%-ს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია; 52% მიიჩნევს, რომ კვლევის ჩატარებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მიღებული ამ საკადრო გადაწყვეტილების შედეგად მთავრობაში პრემიერ-მინისტრის როლი გაიზრდება, 29%-მა არ იცის; 15% ფიქრობს, რომ პრემიერის როლი არ შეიცვლება; და მხოლოდ 2%-ს ჰგონია, რომ დასუსტდება.
რესპონდენტთა 47%-მა იცის მთავრობის იმ 4-წლიანი გეგმის შესახებ, რომელიც მერაბიშვილმა წარადგინა სახელწოდებით „მეტი სარგებელი ხალხს“, თუმცა დაახლოებით ამდენივეს (46%) არ აქვს ინფორმაცია მის შესახებ. აღნიშნულ გეგმაზეა აგებული მმართველი პარტიის წინასაარჩევნო დაპირებები.
გამოკითხულთა იმ ნაწილის 85%, ვისაც ამ გეგმის შესახებ ინფორმაცია აქვს, მხარს უჭერს მას და ყველაზე მნიშვნელოვანი თემების პირველ სამეულში ასახელებს: 1000-ლარიან ვაუჩერებს ყველა ოჯახისთვის (რომლებსაც ოჯახები 4 წლის განმავლობაში ეტაპობრივად მიიღებენ 250 ლარის ოდენობით ყოველწლიურად), სამუშაო ადგილებს და სოფლის მეურნეობას.
გამოკითხულთა 68% ეთანხმება დასაქმების სახელმწიფო მინისტრის პოსტის შემოღებას. 48% მოელის, რომ ეს უწყება გააუმჯობესებს ქვეყანაში დასაქმების მდგომარეობას, ხოლო 22%-ს ამის მოლოდინი არ აქვს.
კვლევის ფარგლებში, ასევე, დაისვა შეკითხვა: „27 მაისს თავის გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილმა თქვა: „ჩემი პირველი განცხადებიდან 7 თვე გავიდა და გარწმუნებთ, რომ ყველაფერი ისე ვითარდება, როგორც ვგეგმავდი და გააზრებული მქონდა“. იცით თუ არა ივანიშვილის გეგმის შესახებ?“. ამ კითხვას რესპონდენტთა 66% პასუხობს, რომ არ იცის, ხოლო 22% აცხადებს, რომ იცის ამ გეგმის შესახებ. ამ 22%-იდან კვლევის ფარგლებში დასმულ კითხვაზე, თუ რომელია ივანიშვილის გეგმიდან ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, პირველ სამეულში სამუშაო ადგილებს, სოფლის მეურნეობას და სიღარიბეს ასახელებს. ინფორმირებულ რესპონდენტთა 82% მხარს უჭერს ივანიშვილის გეგმას.
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას რესპონდენტთა 77% აპირებს; მართალია, ივნისის კვლევასთან შედარებით ეს მონაცემი მხოლოდ 2 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, თუმცა გასული წლის სექტემბრის შემდეგ ზრდა 26 პროცენტულ პუნქტს შეადგენს.
კითხვაზე – არის თუ არა საქართველოში დემოკრატია, რესპონდენტების 42%-მა დადებითად უპასუხა, 40%-მა კი – უარყოფითად. ივნისში ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 38% და 43% იყო.
გამოკითხულ რესპონდენტთა უმეტესობამ, 73%-მა, იცის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ივანიშვილისთვის დაკისრებული მრავალმილიონიანი ჯარიმის შესახებ, რომელსაც 41% არ ეთანხმება, 39%-ს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ამ საკითხზე; და მხოლოდ 16% აცხადებს, რომ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას.
რესპონდენტთა უმეტესობამ (67%) იცის, ასევე, იმის შესახებ, რომ პროკურატურამ დააყადაღა ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური ანტენები ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით. ამ გადაწყვეტილებას 44% არ ეთანხმება, ჩამოყალიბებული პასუხი არ აქვს 36%-ს, ხოლო 14%-თვის მისაღებია.
კვლევის თანახმად, ტელევიზია რესპონდენტთა უდიდესი უმრავლესობის ინფორმაციის მთავარ წყაროს წარმოადგენს. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, 54% სატელევიზიო სიგნალს ანტენების მეშვეობით იღებს; 27% – სატელიტური თეფშებით; ხოლო 23% საკაბელო ქსელების მეშვეობით. სამივე ამ საშუალებით ხელმისაწვდომია ნაციონალური არხები, თუმცა ანტენებით ტელეკომპანია „მაესტროსა“ და „მეცხრე არხის“ სიგნალები არ ვრცელდება.
ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ნუსხაში, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სამუშაო ადგილები (57%), ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება (35%) და ტერიტორიული მთლიანობა (34%) პირველ სამეულშია. წინა ანალოგიურ კვლევასთან შედარებით განსხვავება ისაა, რომ ივნისში ტერიტორიული მთლიანობის შემდეგ მესამე ადგილზე ჯანდაცვის საკითხები მოდიოდა.