საზოგადოება
თბილისი, 6 სექტემბერი, საქინფორმი. საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ბლოკის საარჩევნო პროგრამის შესახებ ისაუბრა.
როგორც ივანიშვილი ამბობს, საარჩევნო ბლოკის პროგრამაში საოცრებას ვერავინ ნახავს და აქ ისეთი არაფერი წერია, რაც ხელისუფლებას ან სხვა დანარჩენ პარტიებს არ უთქვამთ. ეს კი იმის დამსახურებაა, რომ საქართველოში მოსახლეობის პრობლემები იდენტურია.ბლოკის ლიდერი ამბობს, რომ მთავარი, რითაც მათი პროგრამაა გამორჩეული, ეს სანდოობაა.
„ჩვენ გვაქვს აღებული რეალური ვალდებულება, რომ რასაც ვიტყვით, შევასრულებთ. სწორედ ამით ვართ გამორჩეულები“, – აღნიშნავს ივანიშვილი.
მისივე განცხადებით, არის კიდევ ერთი საკითხი, რითაც მათი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამა განსხვავდება და ეს ადგილობრივი თვითმმართველობის თემაა.
საარჩევნო ბლოკის ლიდერის განცხადებით, მათ პროგრამაში ადგილობრივ თვითმმართველობას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, პროგრამის დანარჩენი ნაწილი კი ორივე მხარის პროგრამაში სოფლის მეურნეობას, დასაქმებასა და ჯანდაცვას ეხება.
ივანიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ საარჩევნო პროგრამის გამოქვეყნება დაუგვიანდათ, რადგანაც ბოლო 10 თვის განმავლობაში ძირითადი დრო სტრატეგიის დასახვაზე დაიხარჯა, ამიტომ მომავალი წლის განვითარების გეგმა შეიძლება სრულყოფილი არ იყოს.