თბილისი, 5 სექტემბერი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დაკვირვების მიხედვით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების შემთხვევებმა იმატა.
ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეხუთე შუალედურ ანგარიშში, რომელიც ჟურნალისტებს „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ გააცნო.მისი თქმით, მონიტორინგის პერიოდში, 2012 წლის პირველი აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით, დაფიქსირდა, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის – 10; პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშწორების/ძალადობის – 15 (მათ შორის, ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის 7 შემთხვევა); პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელის შეშლის – 8 (მათ შორის, საჯარო მოხელეების მონაწილეობით პოლიტიკური საქმიანობის ხელის შეშლის 5 შემთხვევა); ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლის – 10, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის – 3; სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების – 4, სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობაში ჩარევის – 4; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების – 5 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 31 შემთხვევა.
ლომჯარიას თქმით, თითქმის ყველა დარღვევა, რომლის შესახებაც ანგარიშშია საუბარი, კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წინააღმდეგაა განხორციელებული.
ორგანიზაცია ზემოთ ხსენებულ ანგარიშში დაფიქსირებული სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის“ უწყებათაშორის კომისიას, მის შემადგენლობაში მყოფ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ცესკოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს რეკომენდაციებით ცალ-ცალკე მიმართავს. ანგარიში გადაეგზავნებათ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც.
როგორც ცნობილია, „სამართლიანი არჩევნები“ სახელმწიფო ორგანოებს გამოვლენილი საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შესახებ ინფორმაციას წინა ოთხი ანგარიშის პერიოდშიც აწვდიდა, თუმცა, ლომჯარიას თქმით, მათ უწყებათაშორისი კომისიისა და სხვა სტრუქტურებისგან პასუხები ამ დრომდე არ მოუღიათ. შესაბამისად, უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა ორგანიზაციის ანგარიშებს.
„სამართლიანი არჩევნები“ პირველ ოქტომბრამდე კიდევ ორ ანგარიშს გამოაქვეყნებს, სადაც საუბარი იქნება იმის შესახებაც, თუ როგორ რეაგირებენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ აღმოჩენილ დარღვევებზე.
ზემოთ ხსენებული ანგარიში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), „,ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ და „NDI“-ს დაფინანსებით გამოიცა.
შეგახსენებთ: „სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში გრძელვადიანი დაკვირვების მეშვეობით ახორციელებს.