თბილისი, 5 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრა – ამბასადორიალი გაიხსნება და ის 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს.ამბასადორიალზე განიხილება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისა და სუვერენიტეტის განმტკიცების ამოცანები, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრების პროცესი, კულტურული და ჰუმანიტარული დიპლომატიის საკითხები.
ამბასადორიალს სტუმრის სტატუსით დაესწრებიან პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი,შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრი რატუ ონოკე კუბუაბულა და არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰექტორ ტიმერმანი.
შეხვედრის მონაწილეებს სპეციალური სტუმრის სტატუსით მიმართავს ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი.