თბილისი, 5 სექტემბერი, საქინფორმი. მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და მომავალი არჩევნების შესახებ ქეთრინ ეშტონისა და შტეფან ფულეს განცხადებას მიესალმება.
როგორც მოძრაობის პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის უმაღლესი რანგის წარმომადგენლების განცხადებაში ერთმნიშვნელოვნად არის აღნიშნული, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის პასუხისმგებლობაცაა.მისი თქმით, განცხადებაში, ასევე, აღინიშნა ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, კერძოდ: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევის თვალსაზრისით, ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით და მომავალ წელს ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ.
თაქთაქიშვილის განმარტებით, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებს, მათ შორის, დემოკრატიულ რეფორმებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სპიკერმა კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, შეწყვიტოს ისეთი ქმედებები, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში ძალადობის, დაძაბულობისა და შუღლის გაღვივებისაკენ და ემსახურება საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას, რადგან, მისი თქმით, ევროკავშირის კომისრების განცხადებაში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებმა არ უნდა დაუშვან ძალადობა, დაძაბულობა და სიძულვილის გაღვივება.
„ევროკავშირი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, დაემორჩილონ საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნებს. აქვე გამოთქმულია შეშფოთება, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია თავისი ქმედებებითა და განცხადებებით აღვივებს ეჭვს არჩევნების შედეგების შესახებ. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“" უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. კერძოდ, მხარი დაუჭირა ახალ საარჩევნო კოდექსს, საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიის შექმნას და „Must Carry“-ს რეგულაციების შემოღებას მედიაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. ასევე, პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა საერთო ქცევის წესებზე შეთანხმება, რომელიც ხელმომწერ პარტიებს ავალდებულებს, უარი თქვან ძალადობაზე, შუღლის გაღვივებაზე და აღიარონ არჩევნების შედეგები.
კიდევ ერთხელ მივესალმებით ევროკავშირის განცხადებას და, ჩვენი მხრივ, ვაცხადებთ მზადყოფნას, მომავალშიც შევიტანოთ ჩვენი წვლილი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში“, – აცხადებს თაქთაქიშვილი.