თბილისი, 5 სექტემბერი, საქინფორმი. საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ვიცე-პრეზიდენტ ქეთრინ ეშტონისა და ევროკომისარ შტეფან ფულეს განცხადებას მიესალმება.
„ვიზიარებთ განცხადებაში ხაზგასმულ შეფასებას იმის შესახებ, რომ საქართველოში გადაუჭრელ პრობლემებად რჩება დემოკრატიის კონსოლიდაცია, მიღწეული ეკონომიკური შედეგების ხალხზე გადანაწილება და მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის სრულფასოვანი მონაწილეობა სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში“, – წერია საარჩევნო ბლოკის განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ მომავალი ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა სწორედ დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრება, სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა და კანონის წინაშე ყველა მოქალაქის თანასწორობა იქნება.საარჩევნო ბლოკი ეშტონისა და ფულეს განცხადებაში კიდევ ერთ ადგილს გამოყოფს და აცხადებს, რომ კანონმდებლობის შერჩევითი გამოყენება, სახელმწიფო ორგანოების პოლიტიკური მიკერძოებულობა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ არასამართლიანი დამოკიდებულება იქცა საარჩევნო პროცესის მთავარ პრობლემებად, ამიტომ ეშტონისა და ფულეს განცხადებები, რომ კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკამ საარჩევნო პროცესის სამართლიანობისადმი რწმენა უნდა გააჩინოს, ბლოკისთვის მისაღებია.
„ვიზიარებთ განცხადებაში გამოთქმულ შეშფოთებას იმის გამო, რომ არჩევნების მოახლოების კვალობაზე იზრდება პოლარიზაცია და დაპირისპირება. სამწუხაროდ, კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერის მზარდ პოპულარობას სააკაშვილის გუნდმა დაძაბულობისა და რეპრესიების ესკალაციის გარდა სხვა ვერაფერი დაუპირისპირა, რამაც მართლაც სახიფათო ზღვრამდე მიიყვანა დაპირისპირება მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის“, – წერენ კოალიციაში.
„ქართული ოცნება“ გაგებით ეკიდება მოწოდებასაც იმის თაობაზე, რომ შექმნილ ვითარებაში ოპოზიციასაც არანაკლები პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის მომავლისათვის.
„სწორედ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ დავუშვებთ ძალადობის ესკალაციას და პოლიტიკური პროცესების კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას, მათ შორის, ვინმეს მიერ ხელისუფლების მიტაცებას. მზად ვართ იმისთვისაც, რომ მივიღოთ და გავიზიაროთ კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული აღმშენებლობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია განცხადებაში.