პოლიტიკა
ნატოს გენმდივანი: „საქართველოს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები – ეს ტესტია“

1-rasmu-politikaa3თბილისი, 5 სექტემბერი, საქინფორმი. ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოში მიმდინარე რეფორმებს მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყოს. ამის შესახებ რასმუსენმა „იმედის“ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის ერთგვარი ტესტი იქნება.

„ჩვენი გზავნილი ძალიან ნათელია. ჩვენ მივესალმებით იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია და მხარს ვუჭერთ რეფორმებს, რომელიც ახლაც გრძელდება თქვენს ქვეყანაში. ამის გათვალისწინებით საქართველოს საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები არის მნიშვნელოვანი, უფრო მეტიც – ის ტესტია. ნატო არის ღირებულებების გაერთიანება ადამიანის თავისუფლებაზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე დამყარებული და ჩვენ გვინდა, ეს პრინციპები რეალიზებული იყოს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში.