აქტუალური
სოხუმი ევროკავშირთან თანამშრომლობას იწყებს

1-suximi-aqtu2თბილისი, 4 სექტემბერი, საქინფორმი. ევროკავშირი აფხაზეთში განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში პროექტების განხორციელებას აპირებს.

როგორც აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, უწყების ხელმძღვანელ ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვედრა ჰქონდა ევროკავშირის დელეგაციასთან – სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოლიტიკურ მრჩეველ  მაგდალენა გრონოსთან, ასევე, პროექტების ხელმძღვანელ ევა ტროია ბლანკოსთან და პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელ ტობიას ტაიბერგთან.

შეხვედრაზე განიხილეს საკითხები საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის მეთოდოლოგიური დახმარების შესახებ, ასევე, აფხაზეთის უნივერსიტეტში უცხოელი პროფესორების მიწვევისა და სპეცკურსების თაობაზე.

სოხუმი დახმარებას მიიღებს ნარკოდამოკიდებულ პირებთან მუშაობაში, ასევე, ტექნიკურ დახმარებას – დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის მიმართულებით.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ევროკავშირის წარმომადგენლებმა ფერმერებისათვის სხვადასხვა პროექტსა და აფხაზეთში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე გაამახვილეს ყურადღება.

როგორც „აპსნიპრესი“ იუწყება, შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლოდ აფხაზეთში ევროკავშირის ცენტრის გახსნის შესახებაც.