საზოგადოება
ევროკავშირის განცხადება მოახლოებულ არჩევნებზე საქართველოში

1-stefan-sazoggggg1თბილისი, 4 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც ერთობლივ განცხადებაში შტეფან ფულემ – ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, და კეტრინ ეშტონმა – ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, განაცხადეს,1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და ევროკავშირი-საქართველოს მომავალი ურთიერთობების ხარისხსა და ინტენსივობას განსაზღვრავს“.

შტეფან ფულე ბრიუსელში ვიზიტად მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს შეხვდა.

ფულემ და ეშტონმა ერთობლივ განცხადებაში ორივე მხარეს – საქართველოს მთავრობასაც და ოპოზიციასაც – მოუწოდეს, გააგრძელონ მშვიდობიანი, მოქმედებისთვის ხელსაყრელი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოსა და ჯანსაღი მედიაგარემოს უზრუნველყოფა.

„შეშფოთებული ვართ ამ კონტექსტში არსებული მზარდი პოლარიზაციით და დაძაბულობით  – არჩევნები, პირველ რიგში, უნდა იყოს პოლიტიკურ პროგრამებსა და იდეებზე დაფუძნებული, – ნათქვამია განცხადებაში, – ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აკისრია როგორც მთავრობას, ისე ოპოზიციას, რათა უზრუნველყონ არჩევნების სათანადოდ ჩატარება და, შესაბამისად, მათი ლეგიტიმურობა“.

„საარჩევნო კანონმდებლობა უნდა იქნეს დაცული და ის ისე უნდა აღსრულდეს, რომ შენარჩუნდეს საარჩევნო პროცესის სამართლიანობისა და კანონის უზენაესობისადმი ნდობა“, – აცხადებენ ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები.

„ყველა პარტიამ და კანდიდატმა ხელი უნდა შეუწყოს მშვიდ და ხელსაყრელ საარჩევნო გარემოს, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და დაძაბულობის გამომწვევი განცხადებებისაგან, რომლებსაც შეუძლია ისედაც დაძაბული გარემოს შემდგომი ესკალაციის გამოწვევა და (არჩევნების, – საქინფორმი) შედეგებთან დაკავშირებით ეჭვების დათესვა“, – ნათქვამია განცხადებაში.