პოლიტიკა
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ამბასადორიალი

1-ambas-politika3თბილისი, 4 სექტემბერი, საქინფორმი. 5 სექტემბერს თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მისიების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეკრება – ამბასადორიალი – დაიწყება.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ამბასადორიალი 7 სექტემბრამდე გაგრძელდება. საქართველოში ჩამოვა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ყველა ხელმძღვანელი.

კალანდაძის განცხადებით, შეკრების მთავარი მიზანია, განიხილონ მომდევნო წლის მთავარი პრიორიტეტები. ცენტრსა და წარმომადგენლობებს შორის მოხდება ინსტრუქციების გაზიარება საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს და მიიღებენ შესაბამის დავალებებს მომდევნო წლისთვის, ასევე, შეხვდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს.

ამბასადორიალზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი, რომელიც სიტყვით გამოვა. დაგეგმილია, ასევე, შვედეთის, პოლონეთის, არგენტინისა და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრების ჩამოსვლა, რომლებიც ელჩებს სიტყვით მიმართავენ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები.

„განსაკუთრებით მივესალმებით ჩვენი მეგობარი ქვეყნების ასეთ ხშირ ვიზიტებს საქართველოში, მით უმეტეს, რომ ჩვენ სექტემბერს განსაკუთრებული ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოვიჩინეთ „კავკაზ 2012“-ის წვრთნებთან დაკავშირებით და ამ გადმოსახედიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქი იყოს ვიზიტებით დატვირთული“, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.