სამართალი
„ლაფანყურის ბრძოლა“ – ხელისუფლების შესაძლო მოტივები

1-lafanyuri-samarT2უკვე საბოლოოდ გახდა ცხადი, რომ არავითარი მძევლები ეგრეთ წოდებულ წვერებიან მოჯაჰედებს საქართველოში არ აუყვანიათ. მაქსიმუმი, რაც მოხდა - საქართველოს რამდენიმე ახალგაზრდა მოქალაქეს, რომლებმაც შემთხვევით დაინახეს უცხო შეიარაღებული პირები, ამ უკანასკნელთ სთხოვეს, თან გაჰყოლოდნენ, რათა საქართველოს ტერიტორიაზე მათი ყოფნა ცნობილი არ გამხდარიყო. ამას ადასტურებენ ლაფანყურის მცხოვრებნი თავად „მძევლების“ გადმოცემის საფუძველზე, რომლებსაც ქართველმა სამართალდამცველებმა პრესასთან ურთიერთობა აუკრძალეს. ერთი მუჭა ბოევიკების მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობას არავითარი საფრთხე არ გასჩენია. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ საჭიროდ მიიჩნია, წამოეწყოთ ბოევიკების დევნა, ვითომ „მძევლების გათავისუფლების“ ოპერაციის განსახორციელებლად.

ლამის შსს მთელმა შემადგენლობამ შემოარტყა ალყა 17 ბოევიკს, ორი დღის მანძილზე მოქმედებდნენ უპილოტო თვითმფრინავები და ჯავშანტექნიკა. მიუხედავად უზარმაზარი უპირატესობისა, ქართულმა „სპეცნაზმა“ მაინც 3 ადამიანი დაკარგა. ამიტომ ბრძოლები მაინც რეალურ ხასიათს ატარებდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მას „სპექტაკლად“ მიიჩნევს, ლაფანყური აშკარად ჩამორჩება თავისი თეატრალიზებულობითა და კომიკურობით განმუხურს, როდესაც სააკაშვილის მთელი „ბომონდი“ გამოვიდა აფხაზეთში რუსი მშვიდობისმყოფელების შესახვედრად და მათ „კუდით ქვა ასროლინეს“.

მაგრამ სპექტაკლის ელემენტები ლაფანყურშიც არის, მიუხედავად ტრაგედიისა (სამი ადამიანისა და თერთმეტი ბოევიკის დაღუპვა - ოფიციალური ვერსიით). ყალბი მძევლები - ხელისუფლების განზრახვის მხოლოდ გაფორმებაა. „სპეცოპერაციის“ მიზეზები კი უფრო ღრმად უნდა ვეძებოთ. რუსული სახელმწიფო საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ ოფიციალურად არის აღიარებული მტრად. შესაბამისად, „ჩვენი“ მტრების მტრები ჩვენს მიერ მეგობრებად თუ არა, დროებით მოკავშირეებად მაინც უნდა იქნან აღქმულნი. ტყიან მთიანეთში ორი ათეული მოხეტიალე მებრძოლის წინააღმდეგ „სპეცოპერაციის“ ჩატარება აუცილებელი არ იყო. ეს წვეროსანი ხალხი არ აპირებდა საქართველოსთან ბრძოლას ან მისი მოსახლეობის ხოცვასა და ძარცვას. სანამ კავკასიაში რუსეთია, ეს ბანდიტები არ შეგვეხებიან - კიდევ ერთი არგუმენტი, რატომ არის საქართველო დაინტერესებული კავკასიაში რუსეთის ყოფნით და რატომ არ ღირს მისი ჯიბრით რაღაც „გენოციდების“ აღიარება. მაგრამ ახლა საუბარი სხვა რამეზეა. ქართველ ძალოვნებს, ტრადიციისამებრ შეეძლოთ თვალი დაეხუჭათ საზღვრის დარღვევაზე და ყველასათვის თავიდან აეცილებინათ ზედმეტი ალიაქოთი და მსხვერპლი. მაგრამ მათ სჭირდებოდათ „ელვისებური გამარჯვება“. რატომ:

ა) კარზე არჩევნებია მომდგარი, საგანგებო სიტუაციების წარმოშობა და შემდეგ მათი წარმატებული გადაწყვეტა კი ყოველთვის ხელს აძლევს არაპოპულარულ ხელისუფლებას, როგორიცაა სააკაშვილის ხელისუფლება; ამის მიხვედრა ალბათ შედარებით იოლია და ამაზე საქართველოში უკვე ყველა საუბრობს, ვისაც არ ეზარება;

ბ) ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მეორე, ფარული ფაქტორი. შესაძლოა, ხელისუფლებას ეს არც აქვს გააზრებული, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა. კერძოდ: მომხდარი გამოხატავს სააკაშვილის რიტორიკის შერბილებას რუსების მიმართ (ხოლო „უბრალო ხალხის“ საშუალებით - რუსეთის მიმართ) - რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისათვის სავიზო შეზღუდვების მოხსნა, მოულოდნელი განცხადებები „სახალხო დიპლომატიისა“ აუცილებლობის შესახებ და ა.შ. ახლა კი, სააკაშვილმა „გამარჯვება მოიპოვა“ საზღვრის დამრღვევებზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი რუსეთის მტრები იყვნენ. ამასთან გამოყენებულ იქნა მძევლების ფაქტორი - კახეთი (ანუ მეღვინეობის მხარე, სადაც ხელისუფლება აშკარად არაპოპულარულია თუნდაც გლეხებისთვის ყურძნის გასაღების სირთულის გამო), ისე, როგორც საქართველოს არც ერთი სხვა მხარე, თავის დროზე იტანჯებოდა შეიარაღებული დაღისტნელი მძარცველების - მონებით მოვაჭრეთა თარეშისაგან. გარკვეულწილად ცოცხლდება ისტორიული სურათები, წარმოიშობა წარსულთან ასოციაციები... განსხვავება, რა თქმა უნდა, ბევრად მეტია, მაგრამ მაინც... ამრიგად ხელისუფლება, შესაძლოა, კიდევ ერთხელ ცდილობს, მოსახლეობის ქვეცნობიერში, რომლის 87% რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას ემხრობა (ამას თვით ამერიკული გამოკითხვებიც აღიარებენ), ჩანერგოს აზრი, რომ იგი სულაც არ არის ანტირუსული, არამედ სავსებით შესაძლებელია, გარკვეული პირობების შექმნის შემთხვევაში, საქმეები აწარმოოს მოსკოვთან. ვითარების პარადოქსულობა იმაში მდგომარეობს, რომ იგივე ხელისუფლება მეორეს მხრივ აგრძელებს მოსახლეობის დაშინებას რუსეთით და ოპოზიციის დემონიზებას ცდილობს, როგორც „პრორუსული ძალისა“. ესაა ხელისუფლების პარადოქსი და იმავდროულად ტრაგედია. ამ იდიოტიზმში თავი ხელისუფლებამ თვითონ ჩაიგდო და გამოსავალი აღარ აქვს.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ქართველი ამომრჩევლები ასეთ ხრიკებს არ წამოეგებიან.

P.S. ციტატი ზემოთ წარმოდგენილი ვერსიის დასადასტურებლად, მ.სააკაშვილი: "მე მგონი ყველა დარწმუნდა, რომ ვერც პანკისში ბასაევის თარეში და ვერც მე-17, მე-18, მე-19 საუკუნეების ლეკიანობას კახეთში ვეღარავინ ვერ გაიმეორებს“.

ევრაზიის ინსტიტუტი